პარიზის საზავო ხელშეკრულება, პარიზის ტრაქტატი — საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს 1856 წლის 30 მარტს პარიზის კონგრესზე.
კონგრესი გაიხსნა 1856 წლის 25 თებერვალს და მასში მონაწილეობდნენ ერთი მხრივ, რუსეთის იმპერია და მეორე მხრივ ყირიმის ომის მოკავშირეები ოსმალეთის იმპერია, საფრანგეთი, ბრიტანეთის იმპერია, ავსტრია, სარდინია და ასევე პრუსია. ხელშეკრულების შედეგად დასრულდა ყირიმის ომი.
XIX საუკუნის შუა ხანებისათვის რუსეთის იმპერიისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების (ინგლისის, საფრანგეთის და ავსტრიის) ბრძოლამ დასუსტებული ოსმალეთის ევროპული და აზიური სამფლობელოების გადანაწილებისა და ბოსფორ-დარდანელის სრუტეებზე კონტროლის დამყარებისათვის უაღრესად მწვავე ხასიათი მიიღო. გამწვავდა საკუთრივ რუსეთ-ოსმალეთის ურთიერთობა. 1853 წელს რუსეთსა და ოსმალეთს შორის ომი დაიწყო. ეს ომი ისტორიაში ყირიმის ომის (1853-1856) სახელით არის ცნობილი. 1854 წელს უკვე პრაქტიკულად დამარცხებული ოსმალეთის მხარეზე ომში საფრანგეთი, ინგლისი და სარდინიის სამეფოები ჩაერთნენ. ომი სამ ფრონტზე — ბალკანეთში, ყირიმის ნახევარკუნძულსა და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარეობდა. რუსეთის არმია დამარცხდა ბალკანეთზე და ყირიმში (1855 წელს მოკავშირეებმა სევასტოპოლი აიღეს). წარმატება მოპოვებულ იქნა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში. 1853 წელს რუსეთის არმიამ ოსმალები დაამარცხა ახალციხესთან, 1854 წელს — მდინარე ჩოლოქზე. 1855 წელს ოსმალეთის ჯარებმა დაიკავეს აფხაზეთი და სამეგრელო. 1855 წლის ნოემბერში რუსეთის არმიამ ყარსის ციხე-სიმაგრე აიღო. წარმატებებმა კავკასიაში რუსეთს ვერ უშველა. დამარცხებული რუსეთის იმპერია სამარცხვინო ზავზე დათანხმდა.
საზავო ხელშეკრულება (ტრაქტატი) რუსეთს, საფრანგეთს, ინგლისს, ოსმალეთსა და სარდინიის სამეფოს შორის დაიდო პარიზში 1856 წლის 18 (30) მარტს.
პარიზის საზავო ხელშეკრულების მესამე მუხლის ძალით რუსეთს ოსმალეთისათვის უნდა დაებრუნებინა ყარსი და ასევე ომის დროს დაკავებული ოსმალეთის სხვა ტერიტორიები. მოკავშირეები დამარცხებულ რუსეთს უბრუნებდნენ ომის დროს დაკავებულ ქალაქებსა და ნავსადგურებს: სევასტოპოლს, ბალაკლავას, კამიშს, ევპატორიას, ქერჩს, ენიკალეს, კინბურნს და სხვა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article პარიზის ხელშეკრულება (1856), which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.