ნიკო ფიროსმანი
ნიკო ფიროსმანი: ქართველი მხატვარი
ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი (ნიკო ფიროსმანი; დ. 5 აპრილი ან 5 მაისი, 1862,[6] სოფ. მირზაანი ― გ. 1918, თბილისი) — ქართველი პრიმიტივისტი მხატვარი.
ნიკო ფიროსმანი | |
---|---|
![]() ნიკო ფიროსმანი | |
სრული სახელი | ნიკო ფიროსმანაშვილი |
დაიბადა | 5 მაისი, 1862[1] [2] ან სავარ. 5 (17) მაისი, 1862[3] |
დაბადების ადგილი | მირზაანი |
გარდაიცვალა | 1918 |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი[4] [5] |
ეროვნება | საქართველო |
მომზადება | თვითნასწავლი |
მიმდინარეობა | პრიმიტივიზმი |
ჟანრი | პორტრეტი |
საიტი | http://www.pirosmani.org/ |
ბიოგრაფია
ცნობები ფიროსმანის ცხოვრების შესახებ უმეტესად შეკრებილია მისი გარდაცვალების შემდეგ. დაიბადა გლეხის ოჯახში (სოფელ მირზაანში, ახლანდ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კახეთში). მისი ბავშვობის საუკეთესო მეგობარი იყო ლევან კალმახელიძე, რომელმაც ასწავლა ხატვა. რომელიც ადრევე გადასახლდა შულავერში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. ბავშვობაშივე იჩენდა დიდ ინტერესს მხატვრობისადმი, ბევრს ხატავდა კიდეც. სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია. 1880-იან წლებში თვითნასწავლ გ. ზაზიაშვილთან ერთად გახსნა ფერწერის სახელოსნო და აბრების შეკვეთებს იღებდა. 1890-1894 კონდუქტორად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე, შემდეგ ვაჭრობაშიც სცადა ბედი. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისელ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს, მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს, პორტრეტებს, სურათებს. სიცოცხლის ბოლომდე გაჭირვებას თავი ვერ დააღწია; ქართველ მხატვართა საზოგადოება დროდადრო ცდილობდა შეემსუბუქებინა მისი ხვედრი. თუმცა ფიროსმანი მარტოობაში გარდაიცვალა და მისი საფლავიც უცნობი დარჩა. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
შემოქმედება
ფიროსმანის, როგორც მხატვრის აღმოჩენაში, მისი სურათების შეგროვებასა და შემოქმედების პროპაგანდაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ძმებ ზდანევიჩებს — მხატვარ კირილ და პოეტ ილიას, მხატვრებს მ. ლე დანტიუს, დ. შევარდნაძეს, ლ. გუდიაშვილს, დ. კაკაბაძეს და სხვებს. უფრო გვიან — გ. ლეონიძეს, რომელმაც მნიშვნელოვანი ცნობები მოიპოვა მისი ბიოგრაფიისათვის.
![]() | „ჩემი აზრით, იგი იყო ერთადერთი მხატვარი, რომელმაც ნამდვილი ხალხური გადმოცემის სიცხოველით მოგვცა მთელი XIX საუკუნის ქართული ყოფა-ცხოვრება“ |
(დიმიტრი შევარდნაძე) |
ფიროსმანის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ქართველ მხატვართა I დიდ გამოფენაზე თბილისში 1918 წელს. 1920-იან წლებში იბეჭდებოდა წერილები პერიოდულ პრესაში, გამოიცა მისდამი მიძღვნილი კრებული. განსაკუთრებით გაცხოველდა ინტერესი ფიროსმანისადმი 50-იან წლების შემდეგ — გამოიცა წიგნები საქართველოში, რუსეთში, უცხოეთში. შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმი, დაიწერა მისდამი მიძღვნილი პიესები, მუსიკალური ნაწარმოებები; ფიროსმანის სურათების გამოფენა მოეწყო ყოფილ სსრკ-ის ქალაქებში და დასავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში. თბილისში დაიდგა ფიროსმანის ძეგლი; მხატვრის მშობლიურ სოფელში — მირზაანში — გაიხსნა ფიროსმანის მუზეუმი. მხატვრის ნამუშევართა დიდი ნაწილი ამჟამად ინახება საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, აგრეთვე ყოფილ სსრკ-ისა და საზღვარგარეთის ზოგ მუზეუმებში, თბილისის ყოფილ სსრკ-ისა და უცხოეთის კერძო კოლექციებში. მის ნაწარმოებთა დიდი ნაწილის ქრონოლოგია დღემდე დაუდგენელია.
ფიროსმანის თემატიკას გარკვეული კვალი დაამჩნია იმ სოციალურმა გარემომ, რომელშიც უხდებოდა ცხოვრება მხატვარს. მის მხატვრულ მემკვიდრეობაში დიდი ადგილი უჭირავს ქეიფის სცენებს, რომელიც არსებითად, თბილისელ ვაჭარ-ხელოსანთა, მიკიტნების,ზოგჯერ თავადების ჯგუფურ პორტრეტებს წარმოადგენს („ბეგოს კამპანია“, „ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან“, „თავადების ქეიფი მინდვრად“, „ხუთი თავადის ქეიფი“, 1906, ყველა — საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი და სხვა). ზოგჯერ ქეიფის სცენები გაშლილია პეიზაჟის ფონზე („სვირი“, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), ან ჩართულია მრავალფიგურიან „პანორამულ“ კომპოზიციებში („ვირის ხიდი“, „კახეთის ეპოსი“, „ქეიფი რთველში“). თემატიკურად სცენებს ენათესავება ნატურმორტები და აბრები.
ფიროსმანაშვილს იზიდავდა სოფლის ბუნება და ცხოვრება („რთველი“, „დღეობა ბოლნისში“, „გლეხის ქალი ვაჟით“, „გლეხკაცი ვაჟით“, „წყალზე მიმავალი ბავშვებიანი დედაკაცი“, „კალოობა“ - ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი); იშვიათად მიმართავდა ქალაქურ პეიზაჟებს („ბათუმი“, „ფუნიკულორი“ — ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). განსაკუთრებული პოეტური ძალით არის აღბეჭდილი ფიროსმანაშვილის მიერ დახატული ღამის სცენები („არსენალის გორა ღამით“, მოსკოვი, კერძო კოლექცია; „ყაჩაღმა ცხენი მოიპარა“, „დათვი მთვარიან ღამით“ — ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). მკვეთრი სოციალური დახასიათებებით გამოირჩევა ფიროსმანაშვილის მიერ თბილისელი ხელოსნების, მედუქნეების, კინტოების, ბოჰემის წარმომადგენელთა, აგრეთვე მუშების პორტრეტები („გოგონა საჰაერო ბუშტით“,მოსკოვი, კერძო კოლექცია; „მდიდარი კინტოს შვილი“, „მეეზოვე“, „ორი მუშა“, „აქტრისა მარგარიტა“, „ორთაჭალის ტურფები“, „მუშა სოსო“, „მებადური“ — ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი და სხვა). სოციალური დაპირისპირება მკაფიოდ არის ნაჩვენები ცნობილ სურათში „უშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი შვილებით“ (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).
ფიროსმანაშვილის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ანიმალისტურ ჟანრს (დღემდე ფიროსმანაშვილი ერთადერთი ქართველი ანიმალისტია). უეჭველია, მხატვარი ცხოველთა გამოსახულებებში ხშირად გარკვეულ სიმბოლურ-მორალურ აზრს აქსოვდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია „ირემი“, „ჟირაფი“, „თეთრი ღორი გოჭებით“, „შავი ტახი“, „თეთრი დათვი“, „არწივს კურდღელი დაუჭერია“ და სხვა (ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). ფიროსმანს იზიდავდა ისტორიული თემებიცა და პერსონაჟებიც („რუსთაველი“, „თამარ მეფე“, „ერეკლე მეორე“, „გიორგი სააკაძე“ — არსებობს სხვადასხვა ვარიანტი; „შეთე გზას უჩვენებს თავად ბარიატინსკის შამილის დასაჭერად“ და სხვა). ფიროსმანის ზოგი სურათი ქართული თეატრის სპექტაკლებით (დ. ერისთავის „სამშობლო“, ვ. გუნიას „და-ძმა“) არის შთაგონებული.
ფიროსმანი ჩვეულებრივ მუშამბაზე წერდა. მის სურათებში ადვილი შესამჩნევია, რომ ავტორს სპეციალური განათლება არ მიუღია, მაგრამ ეს არ უშლის ხელს მხატვრის მიერ შექმნილი სამყაროს მთლიანობას, ერთგვარად ხელს უწყობს კიდეც მისი სურათების მკაფიო თავისებურებების გამოვლენას. ფიროსმანაშვილის სურათების უპირველეს ძალას შეადგენს მათი შინაგანი სიმართლე, უშუალობა, დიდი ექსპრესიულობა, ხასიათის მკაფიო გამოკვეთა. სხვა თვითნასწავლ მხატვართაგან განსხვავებით, ფიროსმანაშვილი მიზნად არ ისახავდა ბუნების ნატურალისტურ იმიტაციას, არ მისდევდა წვრილმანებს, შესწევდა ყველაფერში არსებითის, ტიპურის დანახვისა და განზოგადების უნარი. მისი სურათების კოლორიტი მკაცრია, ზოგჯერ თითქმის მონოქრომული (ბევრი სხვა თვითნასწავლი მხატვრისაგან განსხვავებით, რომლებსაც ფერადების სიჭრელე ხიბლავდა). მათი აგება მოწმობს ავტორის მახვილ კომპოზიციურ ალღოს. ფიგურების განლაგება უმეტესად ფრონტალურია, იერატიკული, სახეები არ გადმოგვცემს კონკრეტულ განწყობილებას; სივრცის გადმოცემა, პროპორციული შეფარდებები რამდენიმე პირობითია; განურჩევლად ზომისა, ფიროსმანაშვილის სურათებს შინაგანი მნიშვნელოვანება და მონუმენტურობა ახასიათებს. ყველა ამ თვისებით ფიროსმანის შემოქმედება ძველ ქართულ კედლის მხატვრობას ენათესავება.
მემკვიდრეობა
როდესაც ფიროსმანს მემკვიდრეობას ვეცნობით, ნათელი ხდება მხატვრის ინტერესთა მრავალფეროვნება, რჩება შთაბეჭდილება, რომ მას სავსებით ჩამოყალიბებული მსოფლგაგება ჰქონდა და შეგნებულად, თანამიმდევრულად ქმნიდა თავის მხატვრულ სამყაროს. ფიროსმანის შემოქმედებამ XX საუკუნის 10-20-იან წლებში მიჯნაზე, როდესაც ხელოვნებაში მწვავედ დაისვა ქართული ეროვნული ფორმის ძიების საკითხი, დიდი გამოძახილი პოვა ქართველ მხატვართა ახალ თაობის წარმომადგენლებში, რომელთაც სამართლიანად მიაჩნდათ, რომ ფიროსმანი ეროვნულ ნიადაგზე ორგანულად აღმოცენებული მხატვარია. დღეს ფიროსმანის შემოქმედება საყოველთაო სახალხო სიყვარულით სარგებლობს.
- ქიზიყში სოფ. მირზაანში ფიროსმანის მშობლიურ სახლში ამჟამად მისი სახლ-მუზეუმია განთავსებული.
- მირზაანში ყოველწლიურად ოქტომბრის თვეს ტარდება ფიროსმანისადმი მიძღვნილი ფოლკლორული ზეიმი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ხალხური ანსამბლების მონაწილეობით.
- ნიკო ფიროსმანი გამოსახულია საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე — 1 ლარიანზე.
- ქალაქ სტამბოლში, თურქეთი, პერიოდულად იბეჭდება ორენოვანი ჟურნალი, სახელწოდებით „ფიროსმანი“.[7]
საინტერესო ცნობები
- საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ნიკო ფიროსმანის 146 ნამუშევარია დაცული. 16 ტილო სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია გამოფენილი.
- 2006 წლიდან ფიროსმანის გამოფენამ წარმატებით იმოგზაურა კიევში, სტამბოლში, მინსკში, ვეზელესა და ვილნიუსში. ამ ქვეყნებში მას 350 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა[8].
- 2011 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ სოფელ ოზაანში ქვრივიშვილების მარნის კარზე გაკეთებული წარწერა ნიკო ფიროსმანს ეკუთვნის. ექსპერტთა 4-კაციანმა ჯგუფმა ეს დასკვნა 8-თვიანი მუშაობის შემდეგ გამოიტანა. ხელოვნებათმცოდნეები ახლა ქვრივიშვილების ოჯახის გადასაწყვეტილებას ელოდებიან. მათ შეუძლიათ მარნის კარი დაიტოვონ, გაყიდონ ან ნიკო ფიროსმანის მუზეუმს გადასცენ.[9][10]
- 2011 წლის 31 მაისს ქართველმა სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი საქმის გამოძიებისას, ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ადრე გაუჩინარებული ტილო - „დაჭრილი ჯარისკაცი“ იპოვეს. ტილოს ჩაუტარდა ექპერტიზა, რომელმაც დაადასტურა, რომ იგი ორიგინალია. იმავე დღეს „დაჭრილი ჯარისკაცი“ საქართველოს ეროვნულ გალერეას გადაეცა.[11][12]
ლიტერატურა
- „ნიკო ფიროსმანიშვილი“, კირილე ზდანევიჩი, თბილისი, 1963 წ.
- „ნახტომი სამხრეთისაკენ“, კ. პაუსტოვსკი, თბილისი, 1964 წ.
- „ნიკო ფიროსმანიშვილი“, ა. ბარნოვი, „საბჭოთა ხელოვნება“, თბილისი, 1968, N 3.
- „ნ. ფიროსმანიშვილის სახლ-მუზეუმი“, ანზორ მაძღარაშვილი, თბილისი, 1970.
- „Пиросмани“, Э Кузнецов, 1975, Искусство.
- „მოგონებანი ფიროსმანზე“, შეადგინა მ. სოხაძემ, „ნაკადული“, თბილისი, 1986 წ.
- „ფიროსმანი, ანუ სიკვდილით იწყება სიცოცხლე“, მამია ჩორგოლაშვილი, „ხელოვნება“, თბილისი, 1991.
- „ფიროსმანის გარემო“, ანზორ მაძღარაშვილი, თბილისი, 1992, გამომცემლობა „მერანი“.
- „ნიკო ფიროსმანი“, თემო ჯაფარიძე, თბილისი, 1999 წ.
- „ჩვენ ვეძებთ ფიროსმანს“, ნელი კობიაშვილი, თბილისი, 2004.
- „ნიკო ფიროსმანაშვილი“, ვახტანგ ბერიძე, თბილისი, 2007.
- „ნიკო ფიროსმანი” გიორგი კაკაბაძე, „პეგასი“ 2010.
- ბერიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 330-331.
რესურსები ინტერნეტში
- ნიკო ფიროსმანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ფიროსმანის ბიოგრაფია და ნახატების გალერეა დაარქივებული 2011-10-04 საიტზე Wayback Machine. — Pirosmani.org
- ნიკო ფიროსმანი, ცხოვრება, შემოქმედება, გალერეა — ბურუსი
- გიორგი პაპაშვილი, ნიკო ფიროსმანაშვილის სურათის ენა და ფოტოგრაფია — Ars Georgica
სქოლიო
- ↑ The Fine Art Archive — 2003.
- ↑ ПИРОСМАНАШВИ́ЛИ (Пиросманишвили, Пиросмани) Нико (Николай Асланович) // დიდი რუსული ენციკლოპედია — Москва: Большая российская энциклопедия, 2004.
- ↑ http://www.eurasianet.org/departments/insight/articles/eav123009.shtml
- ↑ http://museum.ge/files/broshurebi/signagi_mini_katalogi.pdf
- ↑ ნიკო ფიროსმანი. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 13 სექტემბერი, 2018.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-12. ციტირების თარიღი: 2007-11-15.
- ↑ ეროვნულ მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა გაიხსნება[მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული], მედინიუსი.
- ↑ სოფელ ოზაანში ნიკალას გაკეთებული წარწერა აღმოაჩინეს / Rustavi 2 Broadcasting Company[მკვდარი ბმული]
- ↑ ფიროსმანის მიერ მოხატულ კარზე დავა გრძელდება / Rustavi 2 Broadcasting Company[მკვდარი ბმული]
- ↑ ქართველმა სამართალდამცველებმა ფიროსმანის კიდევ ერთი ტილო - „დაჭრილი ჯარისკაცი“ იპოვეს / Information Agency 'PirWeli'
- ↑ სამართალდამცველებმა ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ტილო ამოიღეს / Presage.tv
This article uses material from the Wikipedia ქართული article ნიკო ფიროსმანი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply. (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 3.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
#Wikipedia® is a registered trademark of the Wikimedia Foundation, Inc. Wiki (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wikimedia Foundation.
In other languages:
- აფხაზური: Нико Пиросмани - Wiki аԥсшәа
- Egyptian Arabic: نيكو پيروسمانى - Wiki مصرى
- აზერბაიჯანული: Niko Pirosmani - Wiki Azərbaycanca
- ბაშკირული: Нико Пиросмани - Wiki башҡортса
- ბელარუსული: Ніко Пірасмані - Wiki беларуская
- ბულგარული: Нико Пиросмани - Wiki български
- კატალანური: Niko Pirosmani - Wiki Català
- ჩეხური: Niko Pirosmani - Wiki čeština
- გერმანული: Niko Pirosmani - Wiki Deutsch
- ბერძნული: Νίκο Πιροσμάνι - Wiki Ελληνικά
- ინგლისური: Niko Pirosmani - Wiki English
- ესპანური: Niko Pirosmani - Wiki Español
- ესტონური: Niko Phirosmani - Wiki Eesti
- ბასკური: Niko Pirosmani - Wiki Euskara
- სპარსული: نیکو پیروسمانی - Wiki فارسی
- ფინური: Niko Pirosmani - Wiki Suomi
- ფრანგული: Niko Pirosmani - Wiki Français
- ებრაული: ניקו פירוסמני - Wiki עברית
- ხორვატული: Niko Pirosmanašvili - Wiki Hrvatski
- უნგრული: Niko Piroszmani - Wiki Magyar
- სომხური: Նիկո Փիրոսմանի - Wiki հայերեն
- ინდონეზიური: Niko Pirosmani - Wiki Bahasa Indonesia
- იტალიური: Niko Pirosmani - Wiki Italiano
- იაპონური: ニコ・ピロスマニ - Wiki 日本語
- ყაზახური: Нико Пиросмани - Wiki қазақша
- კორეული: 니코 피로스마니 - Wiki 한국어
- ყირგიზული: Пиросманишвили Николай Асланович - Wiki кыргызча
- ლათინური: Nicolaus Pirosmani - Wiki Latina
- ლიეტუვური: Nikas Pirosmanis - Wiki Lietuvių
- ლატვიური: Niko Pirosmani - Wiki Latviešu
- ნიდერლანდური: Niko Pirosmani - Wiki Nederlands
- ნორვეგიული ბუკმოლი: Niko Pirosmani - Wiki Norsk bokmål
- ოსური: Пиросмани, Никъо - Wiki ирон
- პოლონური: Niko Pirosmani - Wiki Polski
- პორტუგალიური: Niko Pirosmani - Wiki Português
- რუსული: Нико Пиросмани - Wiki русский
- სერბული: Нико Пиросмани - Wiki српски / srpski
- შვედური: Niko Pirosmani - Wiki Svenska
- ტამილური: நிக்கோ பிரொசுமானி - Wiki தமிழ்
- თურქული: Niko Pirosmani - Wiki Türkçe
- უკრაინული: Ніко Піросмані - Wiki українська
- ვიეტნამური: Niko Pirosmani - Wiki Tiếng Việt
- Mingrelian: ნიკო ფიროსმანი - Wiki მარგალური