ლიხნი (აფხ.
Лыхны) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 50 მ სიმაღლეზე, გუდაუთიდან 5 კმ-ში. შუა საუკუნეების ქართულ წყაროებში ეწოდება ზუფუ, ასევე ცნობილია მისი თურქული სახელწოდებები: სოუქსუ ან სუუქსუ.ლიხნის ტერიტორიაზე არსებობს ორი მღვიმე.
სოფელი | |
---|---|
ლიხნი აფხ. Лыхны́ | |
ლიხნის ღვთისმშობლის ეკლესია | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 43°08′36″ ჩ. გ. 40°36′04″ ა. გ. / 43.14333° ჩ. გ. 40.60111° ა. გ. |
პირველი ხსენება | მე-6 საუკუნე |
ადრეული სახელები | ზუფუ, სოუქსუ |
ცენტრის სიმაღლე | 50 მ |
ოფიციალური ენა | აფხაზური ენა და რუსული ენა |
მოსახლეობა | 524 (1989)[1] |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
ლიხნი ქართული (მეგრული) წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს „ვაზის მაღლარს“. წინა სახელი „ზუფუც“ ქართულია (მეგრული) და „უხვად მდინარეს“ – „წყლის უხვად მოსკდომას“ ნიშნავს. XIX საუკუნის დასაწყისში სახელწოდება ჩაანაცვლა გიორგი შარვაშიძის მიერ დარქმეულმა სახელმა სოუქსუ/სუუქსუმ, რომელიც თურქულად ნიშნავს „ცივ წყალს“.
სოფელი ისტორიულად აფხაზეთის მთავრების საზაფხულო რეზიდენცია იყო. XVII ს. დასაწყისიდან აფხაზეთში დაწინაურდა შარვაშიძეთა ფეოდალური სახლი, რომელმაც შეძლო აფხაზ ფეოდალთა შეკავშირება და აფხაზეთის ოდიშისაგან გამოყოფა. ამიერიდან შარვაშიძეები მთავრის ტიტულით მართავდნენ აფხაზეთს, რომლის ცენტრი შეიქმნა ზუფუ (ლიხნი). ამის გამო, ილორის წმინდა გიორგის ხატის ლევან დადიანისეულ წარწერაში ლიხნელ აფხაზებს „ზუფუარები“ ეწოდებათ:
ვახუშტი ბაგრატიონი აფხაზეთის პოლიტიკურ ცენტრად ასახელებს ზუფუს, რომელიც იმავე სახელწოდების მდინარის პირას მდებარეობს. ვახუშტის მიხედვით ზუფუ მცირე ქალაქია, სახლი და სამყოფელი შერვაშიძეთა, რომლებიც აფხაზეთის მთავრები არიან. მდინარე ზუფუს ახლა ხიფსთა ეწოდება, ხოლო დასახლებულ პუნქტს – ლიხნი.
XIX საუკუნის დასაწყისში აფხაზეთის მთავარმა გიორგი ჩაჩბა შარვაშიძემ დასახლებას სახელწოდება შეუცვალა და მას სოუქსუ უწოდა, რაც თურქულად ცივ წყალს ნიშნავს. 1863 წლამდე ლიხნი აფხაზეთის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა.
სოფელი ლიხნი საერთოაფხაზური სამხედრო დემოკრატიის ტრადიციული ცენტრი იყო. სწორედ აქ იკრიბებოდნენ აფხაზები ისტორიულად, საუკუნეთა განმავლობაში და წყვეტდნენ უმნიშვნელოვანეს საკითხებს. პირველი დიდი სახალხო შეკრება ლიხნში 1861 წელს გაიმართა, რომელიც შემდეგ ანტირუსულ აჯანყებაში გადაიზარდა. ბოლო შეხვედრა კი აფხაზეთის ომის წინ — 1989 წელს, 18 მარტს გაიმართა, რომელზედაც აფხაზეთისთვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სტატუსის დაბრუნების საკითხი დააყენეს. ამ ინიციატივას არც სსრკ-ს ცენტრალურმა ორგანოებმა დაუჭირეს მხარი და არც საქართველომ. შეკრებაზე დაახლოებით 30 ათასი აფხაზი შეგროვდა (სხვა მონაცემებით — დაახლოებით 50-60 ათასი ადამიანი).
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1876 | 2138 | ||
1989 | 524 |
აქ მდებარეობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი — X საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესია და ჩაჩბა-შერვაშიძეების ორსართულიანი სასახლის ნანგრევები. სასახლე დაინგრა რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით 1866 წლის აჯანყების შემდეგ, მათ მიერ სოფელში მოწყობილი ეგზეკუციისას. აბაანთას ციხე (VII ს.) მდებარეობს სოფლის განაპირას მდ. ხიფსთას მარცხენა სანაპიროზე.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ლიხნი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.