კანბერა (ინგლ.
Canberra) — ავსტრალიის დედაქალაქი 1927 წლიდან. გარშემორტყმულია ახალი სამხრეთ უელსის შტატის ტერიტორიით. კანბერა ქვეყნის შიგნით მდებარე ყველაზე დიდი ქალაქია, ხოლო მთლიანად ქვეყნის მასშტაბით მე-8. ქალაქი ავსტრალიის ფედერალური ტერიტორიის ადმინისტრაციული ცენტრია, რომელიც, ასევე, მოიცავს მცირე სასოფლო სამეურნეო ზონასა და ნამაჯის ეროვნულ პარკს. კანბერიდან 280 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს სიდნეი, ხოლო 650 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით - მელბურნი. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქ კანბერის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 355 596 ადამიანს, ხოლო იმავე წლის აღწერის მონაცემებით კანბერის მოსახლეობა თანამგზავრ ქალაქ კუნიბეისთან ერთად, როგორც საქალაქო აგლომერაცია მოიცავს 391 645 მოსახლეს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კანბერა ინგლ. Canberra | |||||
| |||||
ქვეყანა | ავსტრალია | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
რეგიონი | ფედერალური ტერიტორია | ||||
კოორდინატები | 35°18′27″ ს. გ. 149°07′27″ ა. გ. / 35.30750° ს. გ. 149.124417° ა. გ. | ||||
დაარსდა | 12 მარტი, 1913 | ||||
ფართობი | 814,2 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 578 მ | ||||
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა | ||||
მოსახლეობა | 420 960 კაცი (2018) | ||||
სიმჭიდროვე | 517,0 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+10, ზაფხულში UTC+11 | ||||
სატელეფონო კოდი | 0251[1] [2] , 0252[1] [2] , 0261[1] [2] და 0262[1] [2] | ||||
საფოსტო ინდექსი | 2600–2617 | ||||
ოფიციალური საიტი | act.gov.au | ||||
1908 წელს თანამედროვე კანბერის ტერიტორია შეირჩა ავსტრალიის კავშირის მომავალი დედაქალაქისათვის, რაც გახდა კომპრომისი ამ სტატუსისათვის ერთმანეთთან მეტოქე ქვეყნის ორ უდიდეს ქალაქებს - სიდნეისა და მელბურნს შორის. საუკეთესო დიზაინისთვის ჩატარებული საერთაშორისო კონკურსის შემდეგ მომავალი მშენებლობის საფუძვლად, რომელიც დაიწყო 1913 წელს, აღებული იქნა ჩიკაგოელი არქიტექტორების უოლტერ გრიფინისა და მერიონ გრიფინის გეგმა. კანბერის დიზაინის საფუძვლად იქცა ქალაქი-ბაღნარის კონცეფცია, რომელიც საშუალებას იძლეოდა შექმნილიყო ბუნებრივი მცენარეულობის ფართე ზონები, რის გამოც ავსტრალიელებმა დედაქალაქს შეარქვეს „bush capital“ (ინგლისური ენიდან თარგმანში „ტყის დედაქალაქი“). მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ზრდასა და განვითარებას ხელს უშლიდა პირველი მსოფლიო ომი და დიდი დეპრესია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კანბერა გახდა აყვავებული ქალაქი.
კანბერა არის ადგილი, სადაც განლაგებულია გენერალ-გუბერნატორის რეზიდენცია, ავსტრალიის პარლამენტი, ავსტრალიის უმაღლესი სასამართლო და მრავალი სამინისტრო და სააგენტო. ქალაქში ასევე მდებარეობს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საზოგადოებრივი და კულტურული დაწესებულებები, ისეთები როგორებიცაა: ავსტრალიის ეროვნული გალერეა და ავსტრალიის ეროვნული მუზეუმი.
სიტყვა „Canberra“ მომდინარეობს ავსტრალიელი აბორიგენი ადგილობრივი ტომის ნგაბრის დიალექტის დასახელებისგან, რომელიც ეკუთვნის ნგუნავალის ოჯახურ ჯგუფს, უფრო ზუსტად სიტყვა „Kanbarra“, რომელიც ნგუნავალის ძველი ენიდან ითარგმნება, როგორიც „შეხვედრის ადგილი“. ეს დასახელება, გამოიყენებოდა კორობორის, ანუ ავსტრალიელი აბორიგენების ცერემონიალური შეხვედრების აღსანიშნავად, რომელიც ტარდებოდა ნგუნავალის ტომის სეზონური მიგრაციის დროს და რომელზეც ჭამდნენ „Agrotis infusa“-ს. მათი მიგრაციის გზა ყოველ გაზაფხულზე ასევე გადიოდა ამ რაიონზე.
კანბერას ფართობი 814,2 კმ²-ს შეადგენს და მდებარეობს ბრინდაბელას მთებთან, დაახლოებით 150 კმ-ში ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროდან. ქალაქი მდებარეობს გორაკებიან დაბლობზე სიმაღლით 550 მეტრიდან 700 მეტრამდე. უმაღლესი წერტილი არის მაჯურას მთა (სიმაღლე 888 მეტრი). სხვა მაღალი ადგილებიდან გამოირჩევა ტეილორის მთები , ეინსლი, მაგა-მაგა და ბლექ-მაუნთინი. კანბერა გარშემორტყმულია ტყეებით, რომელიც წარმოადგენს ევკალიპტის სავანების, მინდვრების, ტყის რაიონების, ჭაობებისა და მშრალი ევკალიპტის ტყეების ნარევს.
ქალაქში მოედინება მდინარე მოლონგლო, რომელიც ერთ ადგილას გადაკეტილია კაშხლით, რომ შეინარჩუნონ წყლის დონე კანბერის ცენტრში მდებარე ხელოვნურ ტბა ბერლი-გრიფინში. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოლონგლო უერთდება მდინარე მარამბიჯის, რომელიც მიედინება ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებით ქალაქ იასის მხრიდან ახალ სამხრეთ უელსში. ავსტრალიის ფედერალური ტერიტორიის ფარგლებში დასახლება ოუქს-ისტეიტის შორიახლოს მოლონგლოს მდინარეს უერთდება მდინარე კუეანბეიანი. მოლონგლოსა და მარამბიჯის მდინარეებს ასევე უერთდება რამდენიმე პატარა მდინარე, მაგალითად, ჯერაბომბერა და იარალუმლა. პატარა მდინარეებიდან ორი, ჯინინდერა და ტაგერანონგი, გადაღობილია კაშხლებით, და ისინი ქმნიან ტბა ჯინინდერასა და ტაგერანონგს. ბერლი-გრიფინის ტბის წარმოქმნამდე კანბერის ტერიტორია მუდმივად განიცდიდა დატბორვას.
კანბერის კლიმატი მთის კონტინენტალური სუბტროპიკულია. ამ მიზეზით კანბერაში მუდამ ტემპერატურის დიდი სადღეღამისო ცვალებადობაა, ხოლო ზაფხული ჩვეულებრივ ძალიან მშრალი არაა.
გეოგრაფიული განედის, სიმაღლისა და სანაპიროდან დაშორების გამო კანბერაში გამორჩეულად გამოიყოფა ოთხი სეზონი. ავსტრალიის სანაპირო ტერიტორიების უმრავლესობის კლიმატი, სადაც მდებარეობს ქვეყნის ყველა შტატისა და ტერიტორიის დედაქალაქი, იმყოფება ზღვის რბილი ზემოქმედების ქვეშ. კანბერაში კი ზაფხული ცხელი და მშრალია, ზამთარი გამოირჩევა ცივი ნისლით და ხშირი სუსხით. მთები და გარკვეული ადგილები დაფარულია თოვლით. ქალაქში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დარეგისტრირდა 1968 წლის 1 თებერვალს, რომელიც შეადგენდა 42,2 °C-ს, ყველაზე დაბალი დარეგისტრირდა 1971 წლის 11 ივლისს −10 °C, ზამთარში ქალაქში ზოგჯერ მოდის თოვლი, მაგრამ როგორც წესი ის მალე დნება. სექტემბრიდან მარტის ჩათვლით ხდება ჭექა-ქუხილი. წვიმის მაქსიმალური რაოდენობა მოდის გაზაფხულზე და ზაფხულში.
კანბერა აშენებულია ქალაქის გეგმის საფუძველზე, რომელიც შეიმუშავა XX საუკუნის ერთ-ერთმა დიდმა ამერიკელმა არქიტექტორმა უოლტერ გრიფინმა . ქალაქის ცენტრს აქვს რადიალური და რგოლური ქუჩების სისტემა და დაკვალულია ორ პერპენდიკულარულ ღერძზე: წყლის ღერძი, რომელიც გაჭიმულია ბერლი-გრიფინის ტბის გასწვრივ, და სახმელეთო ღერძი, რომელიც გაჭიმულია პარლამენტის შენობიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით ანზაკ-პარეიდის ქუჩის გასწვრივ ეინსლის მთის ძირას არსებული ავსტრალიის სამხედრო მემორიალამდე. ტერიტორია, რომელიც ცნობილია როგორც პარლამენტის სამკუთხედი, ჩამოყალიბებულია სამი ღერძით: პირველი გაჭიმულია კეპიტალ-ჰილიდან, სადაც მდებარეობს პარლამენტის შენობა, თანამეგობრობის ავენიუს გასწვრივ სიტი-ჰილის გარშემო არსებულ საქმიანი ცენტრისკენ, მეორე - კონსტიტუციის ავენიუს გასწვრივ დიფენსის ოლქისკენ რასელ-ჰილზე, მესამე - კინგზის ავენიუს გასწვრივ კეპიტალ-ჰილთან.
კანბერისა დანარჩენი ნაწილის დაგეგმარება იწყება სამი შემაღლებული ადგილიდან, რომლებიც გარს აკრავენ ქალაქს: ეინსლის, ბლექ-მაუნტინის და ბიმბერის მთებიდან.
კანბერის საქალაქო ნაწილს აქვს ზონური სტრუქტურა: მასში გამოყოფილია ოლქები, ქალაქის ცენტრები, ქალაქ-თანამგზავრები, საწარმოო რაიონები და სოფლები. ქალაქი დაყოფილია შვიდ ოლქად, რომელთაგან თითოეული იყოფა რაიონებად და აქვს საკუთარი კომერციული და საზოგადოებრივი ცენტრი. ოლქებში ადამიანებით დასახლება მოხდა შემდეგი თანმიმდევრობით:
ჩრდილოეთ კანბერისა და სამხრეთ კანბერის ოლქების დიდი ნაწილი აშენდა უოლტერ გრიფინის გეგმის საფუძველზე. 1967 წელს ეროვნული დედაქალაქის განვითარების კომისიამ მიიღო ეგრეთ წოდებული „Y-გეგმა“, კანბერის მომავალი საქალაქო განვითარების გეგმა მთელი რიგი სავაჭრო და კომერციული ტერიტორიების გარშემო, ცნობილი როგორც ქალაქის ცენტრები და ერთმანეთთან ჩქაროსნული ავტოსტრადებით შეერთებული, რომელთა მდებარეობა გვაგონებს ასო Y-ს: Y-ის საფუძველში დევს ტაგერანონგის ოლქი, ხოლო დაბოლოებებში -ბელკონენი და განგალინი. კანბერის განვითარება, მათ შორის, საქალაქო დაგეგმარება და მიწადსარგებლობა, იმყოფება მთავრობის სრული კონტროლის ქვეშ. ავსტრალიის ფედერალური ტერიტორიის მთელი მიწა ეროვნული მთავრობისაგან აღებულია არენდაში 99 წლიანი ვადით.
ქალაქის უმრავლეს რაიონებში არსებობენ საკუთარი მაღაზიები და, იმავე დროს, მდებარეობენ უფრო მსხვილი სავაჭრო ცენტრებიდან სიახლოვეს, რომელიც ემსახურება რამდენიმე ერთმანეთის მოსაზღვრე რაიონებს. კომუნალური სამსახურები და სკოლები ხშირად მდებარეობენ ადგილობრივი მაღაზიების ან სავაჭრო ცენტრების სიახლოვეს. კანბერის ბევრ რაიონს სახელი დარქმეული აქვს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრების, ქვეყნის ცნობილი მოქალაქეების, ადრეული დასახლებულების პატივსაცემად ან გამოყენებულია სახელები, რომლებიც წარმოშობილები არიან ავსტრალიელი აბორიგენების ენებიდან.
ქალაქის ცალკეული რაიონების ქუჩებს აქვთ განსაზღვრული თემატიკა, მაგალითად, ქუჩები პეიჯის რაიონში ატარებენ ცნობილი ბიოლოგებისა და ნატურალისტების სახელებს, ხოლო დაფის რაიონში-ავსტრალიის დამბებისა და კაშხლების სახელებს. უცხოური სახელმწიფოების დიპლომატიური მისიები ძირითადად მდებარეობენ იარალამლას, დიკინის და ო’მალის რაიონებში. ქალაქის სამი სამრეწველო რაიონებია: ფიშუიკი, მიტჩელი და ჰიუმი.
ევროპელების დასახლებების გამოჩენამდე თანამედროვე კანბერის ტერიტორიაზე სეზონურად ცხოვრობდნენ ნგუნავალი და ვალგალუს ავსტრალიელი აბორიგენების ტომები. ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთის მიწებზე დასახლებულნი იყვნენ ნგარიგოს ტომები, ჩრდილოეთით - გუნდუნგურას ტომები, სანაპიროზე - იუინისა და დასავლეთით - ვირატიურის ტომები. არქეოლოგიური მონაცემების საფუძველზე, თანამედროვე კანბერის რაიონი ადამიანებით დასახლდა დაახლოებით 21 000 წლის წინ.
კანბერის ტერიტორიის ევროპული გამოკვლევები და დასახლება დაიწყო 1820-იანი წლების დასაწყისში. 1820 წლიდან 1824 წლამდე პერიოდში ჩატარდა ოთხი ექსპედიცია. თეთრკანიანთა დასახლება კანბერის რაიონში თარიღდება 1823 წლით, როდესაც ჯოშუა ჯონ მურის დაქირავებულმა მუშებმა, თანამედროვე ნახევარკუნძულ ექტონის ტერიტორიაზე ააშენეს სასახლე და ცხვრების ფერმა. ოფიციალურად ეს ტერიტორია მათ იყიდეს 1826 წელს და დაარქვეს „Canberry“. XIX საუკუნის განმავლობაში ევროპელი მოსახლეობის რაოდენობა კანბერის რაიონში ნელ-ნელა იზრდებოდა. პირველმოსახლეთა შორის იყო პირველი სიდნეელი ვაჭრის რობერტ კემპბელის ოჯახი, ვისი ქვის სახლი შემდგომში გახდა სამეფო სამხედრო კოლეჯი დანტრუნის რაიონში. კემპბელების ოჯახი ასპონსორებდა დასახლებას, სამუშაოთი უზრუნველყოფდა კანბერის სხვა ოჯახებს, რომლებიც ამუშავებდნენ მათ მიწებს, მაგალითად, თანამედროვე კანბერის თანამგზავრ ქალაქ ვიტანგერაში. სხვა ცნობილ პირველდასახლებულებს შორის იყო მარის და გიბსის ოჯახები, რომლებიც 1830-იანი წლებიდან 1881 წლის ჩათვლით ფლობდნენ იარალამლას სასახლეს (დღეისათვის ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორის რეზიდენცია). უძველესი საზოგადოებრივი შენობა, რომელიც შენარჩუნებულია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, იოანე ნათლისმცემლის ანგლიკანური ეკლესიაა, რომელიც მდებარეობს რიდის შემოგარენში და ნაკურთხი 1845 წელს. ეკლესიის შემოგარენის სასაფლაოზე კანბერის პირველი გზამკვლევის მრავალი საფლავია. მოსახლეობაში ევროპელთა წილის ზრდის ფონზე ავსტრალიელი აბორიგენების რაოდენობა მცირდებოდა შემოტანილი ავადმყოფობების - ძირითადად ოსპისა და წითელას გამო.
რაიონის ცხოვრებაში ძირფესვიანი ცვლილებები, რომელიც ჯერ იყო ახალი სამხრეთი უელსის შტატის სოფელი, ხოლო შემდგომ გახდა ეროვნული დედაქალაქი, დაიწყო ავსტრალიის ფედერაციის საკითხზე დებატებით XIX საუკუნის ბოლოს. ხანგრძლივი კამათის შემდეგ თემაზე, თუ რომელი ქალაქი უნდა ყოფილიყო ქვეყნის დედაქალაქი, სიდნეი ან მელბურნი, ბოლოს მიაღწიეს კომპრომისს: ახალი დედაქალაქი უნდა აშენებულიყო ახალი სამხრეთი უელსის შტატში იმ პირობით, რომ მისი ტერიტორია არ იქნებოდა სიდნეიდან 160 კმ-ზე ახლოს, ხოლო მელბურნი დედაქალაქის მშენებლობის დროს უნდა გამხდარიყო ქვეყნის დროებითი დედაქალაქი. კანბერის რაიონი 1908 წელს შეირჩა სამთავრობო ტოპოგრაფ ჩარლზ სკრივენერის მიერ ჩატარებული კვლევების შემდეგ. ახალი სამხრეთი უელსის შტატის მთავრობამ ფედერალური დედაქალაქის ტერიტორია (როგორც ის შემდგომ იწოდება) გადასცა ფედერალურ მთავრობას.
1910 წლის 1 იანვარს მომავალი დედაქალაქის საუკეთესო დიზაინზე ჩატარებული საერთაშორისო კონკურსის შემდეგ ავსტრალიის შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა შეარჩია უოლტერ გრიფინის და მერიონ გრიფინის პროექტი, ხოლო უკვე 1913 წელს უოლტერ გრიფინი დაინიშნა ფედერალური დედაქალაქის პროექტირებისა და დიზაინის დირექტორად და მალევე დაიწყო მშენებლობა. 1913 წლის 12 მარტს ქალაქს ოფიციალურად ეწოდა თანამედროვე დასახელება. ეს გააკეთა ლედი დენმანმა, ავსტრალიის მაშინდელი გენერალ-გუბერნატორის - ლორდ ტომას დენმანის ცოლმა. ცერემონია გაიმართა კურაჯონგის ბორცვზე, რომელზეც შემდგომში აშენდა ავსტრალიის პარლამენტის შენობა. კამბერის დღეს ყოველწლიურად აღნიშნავენ ქალაქში და ავსტრალიის ფედერალურ ტერიტორიაზე მარტის მეორე ორშაბათს.
ფედერალური მთავრობა გადავიდა კანბერაში 1927 წლის 9 მაისს, ქვეყნის პარლამენტის დროებითი შენობის გახსნის დღეს. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი, ბრიუს სტენლი , ოფიციალურად დასახლდა თავის რეზიდენციაში ამ ამბიდან რამდენიმე დღით ადრე. ქალაქის დაგეგმილი განვითარება მნიშვნელოვნად შენელდა 1930-იანი წლების დიდი დეპრესიისა და მეორე მსოფლიო ომის დროს. ზოგიერთი პროექტები, მაგალითად, კათოლიკური და ანგლიკანური მონასტრების შენობები, ამ წლებში ვერ აშენდა.
ქალაქის განვითარება დაჩქარდა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ამასთან დედაქალაქი გასცდა განვითარების საწყისი გეგმის საზღვრებს. ომის შემდეგ კანბერაში მელბურნიდან გადმოვიდა რამდენიმე სამინისტრო სახელმწიფო მომსახურე პერსონალთან ერთად. იმავდროულად მთავრობის დახმარებით დაიწყო საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, ქალაქის გაზრდილი მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილებით დასაკმაყოფილებლად. კანბერის ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილის მშენებლობა დამთავრდა 1950-იანი წლებისთვის, უოდენ-ველისა და ბელკონენის ოლქების 1960-იანი წლების შუაში და ბოლოში. 1964 წელს დამთავრდა ხელოვნური ტბის ბერლი-გრიფინის მშენებლობა.
1972 წლის 27 იანვარს პარლამენტის წინ გაიშალა ავსტრალიელი აბორიგენების კარვების საელჩო მკვიდრი მოსახლეობის უფლებებისა და მიწის საკითხებზე ყურადღების მიქცევის მიზნით. 1988 წლის 9 მაისს გაიხსნა ავსტრალიის პარლამენტის ახალი შენობა, უფრო ფართე ვიდრე წინა. 1988 წლის დეკემბერში ავსტრალიის პარლამენტის შესახებ მიღებული კანონის შემდეგ ავსტრალიის ფედერალური ტერიტორია გახდა მთლიანად თვითმართვადი წარმონაქმნი. 1989 წლის თებერვალში ჩატარდა პირველი არჩევნები, და უკვე 1989 წლის 11 მაისს თავისი მუშაობა დაიწყო საკანონმდებლო ასამბლეამ 17 წევრის შემადგენლობით. ავსტრალიის ფედერალური ტერიტორიის პირველი მთავრობა ჩამოყალიბდა ავსტრალიის ლეიბორისტული პარტიის მიერ. მთავარი მინისტრი პირველად გახდა ქალი - როზმარი ფოლეტი.
2003 წლის 18 იანვარს კანბერის ზოგიერთი რაიონი ძლიერ დაზარალდა ტყის ხანძრებით, რის შედეგადაც დაიღუპა ოთხი ადამიანი, ხოლო 491 შენობა, მთავარი საკვლევი ტელესკოპი და ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ობსერვატორიის ლაბორატორია სტრომლოს მთაზე მთლიანად განადგურდა.
ავსტრალიის ფედერალური ტერიტორიაზე კანბერის ფარგლებს გარეთ არ არის დიდი სოფლის მსგავსი დასახლებული პუნქტები. ავსტრალიის ფედერალური ტერიტორიის საკანონმდებლო ასამბლეა ერთდროულად საქალაქო საბჭოცაა და ტერიტორიული მთავრობაც. ასამბლეა შედგება 17 წევრისაგან, რომლებიც არჩეულია სამ ოლქში პროპორციული წარმომადგენლობის საფუძველზე. ეს ოლქებია მოლონგლო, კინინდერა და ბრინდაბელა, რომლებსაც წარადგენენ შესაბამისად შვიდი, ხუთი და ხუთი დეპუტატი. მთავარი მინისტრი ირჩევა საკანონმდებლო ასამბლეის წევრების მიერ. შემდგომში ის ნიშნავს ოთხ მინისტრს, რომლებიც მთავარ მინისტრთან ერთად ქმნიან აღმასრულებელ ორგანოს, რომელსაც არაოფიციალურად ჰქვია „კაბინეტი'“'.
ავსტრალიის ეროვნული მთავრობა ზოგიერთ სფეროში კონტროლს უწევს ავსტრალიის ფედერალური ტერიტორიის მთავრობის მოღვაწეობას. ადმინისტრაციულ სფეროში ეს ჩნდება ეროვნული დედაქალაქის ოფიციალური ორგანოს მუშაობისას, რომელიც პასუხისმგებელია კანბერის იმ რაიონების დაგეგმაზე და განვითარებაზე, რომლებსაც აქვთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ან იმყოფებიან გრიფინის გეგმის საზღვრებში, მაგალითად, „პარლამენტის სამკუთხედი“, ძირითადი მისასვლელი გზები, რაიონები, სადაც მთავრობამ თავისთვის შეინარჩუნა საკუთრების უფლება, ან აუშენებელი ბორცვები და მთის ქედები, რომლებიც ქმნიან კანბერის ბუნებრივი პარკის ნაწილს.. ეროვნულმა მთავრობამ ასევე შეინარჩუნა კონტროლის ზოგიერთი ხარისხი ავსტრალიის ფედერალური ტერიტორიის საკანონმდებლო ასამბლეაზე. ფედერალური მთავრობის კომპეტენცია რეგლამენტირებულია 1988 წლის ავსტრალიის ფედერალური ტერიტორიის შესახებ კანონის მდგომარეობებით. ეს კანონი ავსტრალიის ფედერალური ტერიტორიის კონსტიტუციაა და აწესებს რეგლამენტს მის მიერ კონტროლირებად მთელ რიგ საკითხებზე (მათ შორის, საკანონმდებლო ასამბლეის ხელისუფლების მოცულობას).
ავსტრალიის ფედერალური ტერიტორიის მთავრობასთან შეთანხმებით, ქალაქში პოლიციურ ფუნქციებს ახორციელებს ავსტრალიის ფედერალური პოლიცია. სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეების განხილვა ტარდება ან ავსტრალიის ფედერალური ტერიტორიის მაგისტრატულ სასამართლოებში, ან ავსტრალიის ფედერალური ტერიტორიის უმაღლეს სასამართლოში (განსაკუთრებით საშიში დანაშაულებების). ბრალდებულები იმყოფებიან წინასწარი პატიმრობის სახლში ბელკონენში. 2008 წლის მდგომარეობით ავსტრალიის ფედერალურ ტერიტორიაზე ციხეები არ იყო (ციხე მშენებლობის სტადიაშია), ამიტომ დაპატიმრებულები თავის სასჯელს იხდიან ახალი სამხრეთი უელსის შტატში. სამოქალაქო და სხვა არაკრიმინალური საქმეები განიხილება მცირე პრეტენზიების ტრიბუნალზე და საოჯახო სასამართლოზე.
2013 წლის მდგომარეობით კანბერის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 381 488 ადამიანს, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვეა - 428 ადამიანი კმ²-ზე (შედარებით დიდი ციფრია ავსტრალიის სხვა ქალაქებთან შედარებით). 2001 წლის აღწერის თანახმად, ქალაქის მოსახლეობის 1,2 %-ს შეადგენდნენ ავსტრალიელი აბორიგენები, ხოლო 21,6 % -დაიბადა ავსტრალიის ფარგლებს გარეთ. საზღვარგარეთ დაბადებულ ადამიანთა დიდი ნაწილის მშობლიური მხარე ინგლისურენოვანი ქვეყნებია, უპირველეს ყოვლისა, დიდი ბრიტანეთი და ახალი ზელანდია. იმიგრანტების დიდი ნაწილი წარმოშობით გერმანიიდან, იტალიიდან და ვიეტნამიდან არიან. უკანასკნელ წლებში იზრდება აღმოსავლეთი და სამხრეთი აზიის ქვეყნებიდან ჩამოსული ხალხის წილი. კანბერის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მშობლიური ენაა ინგლისური; ბევრმა იცის ჩინური, იტალიური, ხორვატული და ბერძნული ენები.
კანბერის მოსახლეობა შედარებით ახალგაზრდაა. ქალაქის მოსახლეობის საშუალო ასაკი შეადგენს 32 წელს, და მოსახლეობის მხოლოდ 8,3 %-ია - 65 წელზე უფროსი ადამიანი. 1996 წლიდან 2001 წლის ჩათვლით მოსახლეობის 61,9 % ჩავიდა კანბერაში ან გავიდა ქალაქიდან, რაც მეორე ყველაზე მაღალი მობილურობის დონეა ავსტრალიის სხვა შტატების დედაქალაქებს შორის. 2013 წლის მაისის მდგომარეობით ავსტრალიის ფედერალური ტერიტორიის მოსახლეობის 25-დან 64 წლამდე ასაკის 45 %-ს ჰქონდა ბაკალავრის შესაბამისი განათლების მომზადების დონე, რაც ეროვნულ მაჩვენებელზე მაღალია, რომელიც შეადგენს 29 %-ს. კანბერის მოსახლეობის დაახლოებით 44 % საკუთარ თავს თვლის ქრისტიანად (ან კათოლიკად, ან ანგლიკანად), მოსახლეობის 3 %-ზე ნაკლები სხვა რელიგიების აღმსარებელია, 29 % ათეისტია.
2012 წლის მდგომარეობით ყველაზე უფრო ტიპური სახის დანაშაულია: საკუთრების ხელყოფა, არაკანონიერი შეღწევა შენობებში და ავტომობილების ქურდობა. მკვლელობების და მასთან დაკავშირებული დანაშაულებების, ასევე თავდასხმის და გაუპატიურების რაოდენობა საერთოეროვნულ დონეზე დაბალია.
2011 წლის მაისის მდგომარეობით უმუშევრობის დონე კანბერაში შეადგენდა 3,4 %-ს, რაც საერთოეროვნული დონეზე დაბალია, რომელიც შეადგენს 5,1 %-ს (მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში არსებობს სამუშაო ძალის უკმარისობა). კანბერაში უმუშევრობის დაბალი დონის და სახელმწიფო და კომერციულ სექტორებში მაღალი დასაქმების შედეგად სუფთა შემოსავლების ყველაზე დიდი დონეა ავსტრალიის ყველა შტატის დედაქალაქებს შორის. კანბერის მაცხოვრებლის ხელფასის კვირის საშუალო რაოდენობა შეადგენს AUD$ 1702, იმ დროს, როდესაც მთელ ავსტრალიაში ეს ციფრი შეადგენს AUD$ 1485,80. ქალაქში საცხოვრებელი სახლის საშუალო ფასი 2009 წლის სექტემბერში შეადგენდა AUD$ 511 820, რაც დაბალია, ვიდრე სიდნეიში, მაგრამ მაღალია ვიდრე მელბურნში და პერთში. სახლის საშუალო ფასი 2006 წლის სექტემბერში შეადგენდა AUD$ 375 000, ხოლო 2006 წლის ნოემბერში - AUD$ 411 305. კანბერაში საშუალო ყოველკვირეული საიჯარო გადასახადი მაღალია, ვიდრე ავსტრალიის ნებისმიერ სხვა შტატში ან ტერიტორიაზე. მაგალითად, 2014 წლის იანვარში მან კვირაში შეადგინა $410, რითაც ქალაქმა ქვეყანაში დაიკავა მესამე ადგილი სიძვირის მიხედვით.
ეკონომიკის ძირითადი სფეროებია სამთავრობო ადმინისტრირება და თავდაცვა, რომელშიც დაკავებულია კანბერის მოსახლეობის დაახლოებით 33,9 % (მთლიანად ის იძლევა ტერიტორიის მთლიანი შიდა პროდუქტის 29,8 %-ს). სახელმწიფო სექტორში დამსაქმებლებს შორის გამოირჩევიან თავდაცვის, ფინანსების, საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროები, ასევე ხაზინა. ავსტრალიის შეიარაღებული ძალების დაწესებულებების ნაწილი მდებარეობენ ქალაქში ან მისგან შორიახლოს. ფერბერნის ყოფილი სამხედრო ბაზა, რომელიც მდებარეობდა კანბერის საერთაშორისო აეროპორტის გვერდით გაიყიდა აეროპორტის ოპერატორებზე და დღეისათვის ემსახურება VIP კლიენტებს.
ქალაქში ასევე მდებარეობს პროგრამული უზრუნველყოფის მთელი რიგი მწარმოებლები, რომლებიც ემსახურებიან სამთავრობო დაწესებულებებს: QSP, TOWER Software, RuleBurst და The Distillery.
კანბერაში გადაადგილების ძირითადი საშუალებაა ავტომობილი. ძველად გატარებული ქალაქმშენებლობის პოლიტიკა დადებითად აისახა არსებულ საგზაო სისტემაზე, რომელიც გამოირჩევა გზის საფარის მაღალი ხარისხით. კანბერის ოლქები ერთმანეთთან დაკავშირებულია ავტოსტრადებით, სადაც მოძრაობის სიჩქარე შეზღუდულია 80-100 კმ/სთ-მდე. ოლქების უმრავლესობაში რაიონები ერთმანეთთან დაკავშირებულია მისასვლელი გზებით.
კანბერაში სახელმწიფო საავტობუსო გადამყვანია კომპანია „Australian Capital Territory Internal Omnibus Network“. ქალაქში და ახალი სამხრეთი უელსის მეზობელ რაიონებში კერძო გადამყვანებია „Transborder Express“ და „Deane’s Buslines“. მიუხედავად ამისა საავტობუსო კავშირი არ სარგებლობს დიდი პოპულარობით ადგილობრივ მოსახლეობაში: ტრანსპორტის ამ სახეობით გადაადგილდება კანბერის მოსახლეობის მხოლოდ 4,6 %. მოსახლეობის 5,5 %-ს ურჩევნია სამუშაომდე მივიდეს ან ფეხით, ან ველოსიპედით. კერძო ავტობუსები აერთებენ კანბერას ახლომდებარე ქალაქებთან ახალ სამხრეთ უელსში. ქალაქში არსებობს ტაქსი (ძირითადი კომპანიები:„Aerial Consolidated Transport“ და „Cabxpress“).
ქალაქი სარკინიგზო ხაზით შეერთებულია ავსტრალიის სხვა ქალაქებთან. კანბერის სარკინიგზო სადგური მდებარეობს კინგსტონის რაიონში. 1920 და 1922 წლებს შორის სარკინიგზო ხაზი კვეთს მდინარე მოლონგლოს და მიემართება ჩრდილოეთისაკენ, მაგრამ წყალდიდობის შემდეგ ის დაიკეტა და შემდგომში აღარასოდეს არ აღდგენილა.
კანბერა მდებარეობს სიდნეიდან ავტომობილით ფედერალურ გზაზე (ეროვნული შოსე 23, სამი საათის სავალ მანძილზე, რომელიც დაკავშირებულია ეროვნულ შოსე 25-თან, და მელბურნიდან შვიდი საათის სავალ გზაზე ეროვნული შოსე 25-ით.
Qantas-ის და Virgin Australia-ის ავიაკომპანიების მიერ კანბერის აეროპორტიდან ხორციელდება მხოლოდ შიდა ავიაგადაფრენები სიდნეიმდე, მელბურნამდე, ბრიზბენამდე, ადელაიდამდე და პერთამდე.
კანბერაში მოქმედებს ორი სახელმწიფო საავადმყოფო: 600-ადგილიანი კანბერის საავადმყოფო (ძველად უოდენ-ველის საავადმყოფო), რომელიც მდებარეობს გარანის რაიონში, და 174-ადგილიანი კელვერის საავადმყოფო, რომელიც მდებარეობს ბრიუსის რაიონში. ორივე საავადმყოფო ერთდროულად საბაზისო საავადმყოფოებია, რომლებშიც ხორციელდება მომავალი სამედიცინო პერსონალის განათლება. კანბერის მსხვილი კერძო საავადმყოფოა ჯონ ჯეიმზის საავადმყოფო. სხვა კერძო საავადმყოფოებს შორის გამოირჩევა კელვერის კერძო საავადმყოფო და დედაქალაქის ეროვნული ჰილთსკოუპის კერძო საავადმყოფო. ძველად ექტონის ნახევარკუნძულზე ასევე მდებარეობდა საავადმყოფო, კანბერის სამეფო საავადმყოფო, მაგრამ 1991 წლის 27 ნოემბერს ის დაიკეტა, ხოლო 1997 წელს ავსტრალიის ეროვნული მუზეუმის მშენებლობის გაადვილების მიზნით ააფეთქეს.
კანბერის მსხვილი სასწავლო დაწესებულებებია ექტონის რაიონში მდებარე ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტი და ბრიუსის რაიონში მდებარე კანბერის უნივერსიტეტი. ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტი დაარსდა 1946 წელს საკვლევი უნივერსიტეტის სახით. იქ გრძელდება სხვადასხვა საკვლევი სამუშაოების ჩატარება.
როგორც ავსტრალიის ეროვნულ უნივერსიტეტს, ასევე კანბერის უნივერსიტეტს, აქვთ საკუთარი კამპუსები არა მარტო ავსტრალიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. კანბერაში ასევე მდებარეობს ორი რელიგიური უნივერსიტეტის: ავსტრალიის კათოლიკური უნივერსიტეტის და ჩარლზ სტერტის უნივერსიტეტის კამპუსები.
კემპბელის რაიონის გვერდით მდებარეობს ავსტრალიის შეიარაღებული ძალების აკადემია და სამეფო სამხედრო კოლეჯი. ავსტრალიის შეიარაღებული ძალების აკადემიაში სწავლობენ სტუდენტები და ასპირანტები, და აკადემია ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის ოფიციალური კამპუსია. უმაღლესი პროფესიონალურ-ტექნიკური განათლების მიღება შესაძლებელია კანბერის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კამპუსში.
2004 წლის თებერვალში ქალაქში მოქმედებდა 140 სახელმწიფო და კერძო სკოლა. მათგან 96 სკოლა იყო სახელმწიფო, ხოლო 44 - კერძო. 2006 წელს ავსტრალიის ფედერალური ტერიტორიის მთავრობამ გამოაცხადა 39 სკოლის დახურვის შესახებ, რაც გახდა პროგრამა „2020 წლის გზაზე: ჩვენი სკოლების განახლების“ შესრულება, რომელიც ითვალისწინებს გამსხვილებული სკოლების შექმნას 2020 წლამდე. რაიონების უმრავლესობაში მოქმედებენ სკოლამდელი დაწესებულებები და დაწყებითი სკოლები. სკოლები ჩვეულებრივ მდებარეობენ ღია სივრცის გვერდით.
კანბერაში მდებარეობს ბევრი ეროვნული ძეგლი და დაწესებულება, მაგალითად, ავსტრალიის სამხედრო მემორიალი, ავსტრალიის ეროვნული გალერეა, ავსტრალიის ეროვნული პორტრეტების გალერეა (დღეისათვის მდებარეობს ძველი პარლამენტის შენობაში, ავსტრალიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ავსტრალიის ეროვნული არქივი და ავსტრალიის ეროვნული მუზეუმი. კანბერაში მდებარე ავსტრალიის კავშირის ბევრი სამთავრობო დაწესებულების შენობა ღიაა საზოგადოებისთვის, მათ შორის, ავსტრალიის პარლამენტის შენობა, უმაღლესი სასამართლო და ავსტრალიის სამეფო მონეტების სასახლე. ბერლი-გრიფინის ხელოვნურ ტბასთან მდებარეობს ჯეიმზ კუკის ძეგლი და ეროვნული კარილიონი. ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობებს შორის გამოიყოფა ტელსრის კოშკი, ავსტრალიის ეროვნული ბოტანიკური ბაღი ბლექ-მაუნტინის მთაზე, ეროვნული ზოოპარკი და აკვარიუმი სკრივნერის დამბაზე, დინოზავრების ეროვნული მუზეუმი და ეროვნული სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცენტრი.
ავსტრალიის კანონმდებლობის თანახმად, ეროვნულ ბიბლიოთეკაში უნდა ინახებოდეს ქვეყნის ტერიტორიაზე გამოცემული ყველა წიგნის ასლი. კანბერის მუზეუმში და გალერეაში, რომლებიც მდებარეობენ ქალაქის ცენტრში, წარმოდგენილია ექსპოზიცია, რომლებიც ეძღვნება ადგილობრივ ისტორიას და კულტურას. პირველი ევროპელი დასახლებულების რამდენიმე ისტორიული შენობა ღიაა საზოგადოებისათვის: ლეინიონის და ტაგერანონგის ფერმები, მაგა-მაგა და ბლანდელსების სახლი. კელთორპსების სახლი რედ-ჰილში თარიღდება 1920-იანი წლებით. დანტრუნის სახლი კემპბელის რაიონში ერთ-ერთი პირველი ფერმაა რაიონში და დღეისათვის ეკუთვნის სამეფო სამხედრო კოლეჯს.
კანბერაში დიდი რაოდენობით ადგილებია, სადაც სრულდება ცოცხალი მუსიკა, და ასევე არსებობს ბევრი თეატრი: კანბერის თეატრი , სადაც ტარდება მთავარი კონცერტები და დადგმები; ლეველინ-ჰოლი ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის მუსიკის სკოლაში. ჩაილდერსის ქუჩაზე მდებარეობს ქუჩის თეატრი. კანბერის უძველესი საკონცერტო დარბაზია 1928 წელს გახსნილი ალბერტ-ჰოლი, სადაც თავიდანვე გამოდიოდა კანბერის რეპერტუარის თანამეგობრობა და კანბერის ფილარმონია.
კანბერის უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება მუსიკალური ფესტივალი „სტოუნფესტი“. ქალაქში ასევე მუშაობს დიდი რაოდენობით ბარები და ღამის კლუბები, რომლებიც ძირითადად განლაგებულია დიკსონის, კინგსტონის რაიონებში და ქალაქის ცენტრში. რაიონების ყველა ცენტრში არსებობენ საკუთარი თეატრები და კინოთეატრები, ასევე ბიბლიოთეკები. ყველაზე უფრო ცნობილ კულტურულ-მასობრივ ღონისძიებებს შორის გამოირჩევა სახალხო ხელოვნების ეროვნული ფესტივალი, კანბერის სამეფო შოუ, ავტომობილ სამერნეტსის ფესტივალი, კანბერის მულტიკულტურული ფესტივალი და „იდღესასწაულე, კანბერას“ ფესტივალი, რომელიც ტარდება ყოველწლიურად ათი დღის განმავლობაში მარტში კანბერის დღესთან დაკავშირებით.
როგორც ავსტრალიის პოლიტიკური ცენტრი, კანბერა მასმედიის მთავარი დაწესებულებების ყოფნის ადგილია, ავსტრალიის რადიოსამაუწყებლო კორპორაციის და კომერციული სატელევიზიო კომპანიების ჩათვლით. ქვეყნის ცენტრალურ გაზეთებს ქალაქში აქვთ ადგილობრივი ბიუროები. ბევრი ახალი ამბების ორგანიზაცია წარმოდგენილია კანბერის პრეს-გალერეაში, რომლებშიც მუშაობენ ჟურნალისტები, რომლებიც აკეთებენ რეპორტაჟებს ეროვნული პარლამენტიდან.
ქალაქში გამოიცემა 1926 წელს დაარსებული ყოველდღიური გაზეთი „Canberra Times“, ასევე მთელი რიგი უფასო ყოველკვირეული გაზეთი, რომლებიც ვრცელდება კანბერის ცალკეულ რაიონებში. დედაქალაქში ასევე მუშაობენ თავისუფალი ანალოგიური სატელევიზიო სადგურები, მათ შორის, ორი სამთავრობო (ABC და SBS) და სამი კომერციული (Prime, WIN და Southern Cross Ten), ასევე ოთხი ციფრული - Prime HD, WIN HD, ABC2 და SBS News.
სააბონენტო სატელევიზიო მომსახურება მიიღება თანამგზავრული ტელევიზიის საშუალებით, რომელსაც წარადგენს კომპანია Foxtel, და საკაბელო ტელევიზიის საშუალებით, რომელსაც წარადგენს ადგილობრივი სატელეკომუნიკაციო კომპანია TransACT. კანბერაში ასევე მაუწყებლობს რამდენიმე რადიოსადგური: Radio 2XXfm, Artsound, Valley FM 89.5 და Radio 1RPH, Capital Radio Network (1053-2CA და 1206-2CC), Canberra FM Radio (104.7) და MIX 106.3.
კანბერაში ადგილობრივ სპორტულ ლიგებთან ერთად ასევე არსებობენ სპორტული გუნდები, რომლებიც მონაწილეობდნენ ეროვნულ და საერთაშორისო ლიგებში. მათ შორის ყველაზე ცნობილი გუნდებია ცამეტკაცა რაგბიში და რაგბიში, რომლებიც უკვე გახდნენ თავიანთი ლიგის ჩემპიონები. ორივე გუნდი საშინაო თამაშებს ატარებს ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე. კანბერას ჰყავს საკუთარი საკალათბურთო გუნდი „Canberra Capitals“, რომელმაც 2006 და 2007 წლებში გაიმარჯვა ეროვნულ საკალათბურთო ლიგაში.
ქალაქში სხვა პოპულარული თამაშებია ნეთბოლი, ბალახის ჰოკეი, ყინულის ჰოკეი და კრიკეტი. „Manuka Oval“-ს ადგილობრივ სტადიონზე თამაშობენ კრიკეტს და ავსტრალიურ ფეხბურთს. კანბერაში ყოველწლიურად ტარდება მარათონული გარბენი.
ბრიუსის რაიონში მდებარეობს ავსტრალიის სპორტის ინსტიტუტი, რომელიც სპეციალიზირებული საგანმანათლებლო და საწვრთნელი დაწესებულებაა.
კანბერაში არსებობს ბევრი პატარა სტადიონი, გოლფის მინდვრები, სკეიტ-პარკები, საჩოგბურთო კორტები და წყლის აუზიანი კომპლექსები. ქალაქში მოქმედებს ველობილიკების ფართო ქსელი..
This article uses material from the Wikipedia ქართული article კანბერა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.