იუდა ისკარიოტელი — ბიბლიური (სახარების) პერსონაჟი.
ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, ქრისტეს 12 მოწაფეთაგან (მოციქულთაგან) ერთ-ერთი. იუდა ისკარიოტელმა 30 ვერცხლის ფასად გასცა იესო ქრისტე და შეაპყრობინა იუდეველთა მღვდელთმთავრებს, რომელთაც რომაელების დახმარებით იგი ჯვარს აცვეს. შუა საუკუნეების და აღორძინების ხანის ხელოვნებაში წარმოსახავდნენ: ღალატის სცენას (იუდა ისკარიოტელი კოცნის იესო ქრისტეს და ამით მიანიშნებს მასზე. აქედან გამოთქმა - იუდას ამბორი) და საიდუმლო სერობას. ქრისტეს შეპყრობის შემდეგ იუდა ისკარიოტელმა თავი ჩამოიხრჩო (მათე, თ. 26-27). ძველი აღთქმის წინასწარმატყველებათა შესაბამისად (ზაქარია, თ. 11, 13) იუდამ იესო 30 ვერცხლად გაყიდა. იუდა ისკარიოტელის სახელი მოღალატის, გამცემის სინონიმად იქცა.
იუდას ცხოვრებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მასალამ მოაღწია ჩვენამდე.
მრავალი მკვლევარი სხვადასხვანაირად აღიქვამს იუდას მეტსახელ - ისკარიოტელს. ერთნი ფიქრობენ რომ ებრაული სიტყვა "ეშკარ" ნიშნავს საქონელს ვიყოდი. რომლისაგანაც წარმოიშვა იუდას მეტსახელი. მეორენი კი იძახიან რომ ძველ ებრაულ სახელმწიფოში იყო დასახლება ”კარიოტი” ხოლო კარიოტის მკვიდრს კი დაერქმეოდა ისკარიოტელი.
იუდა ისკარიოტელზე ინფორმაცია ძირითადად ახალ აღთქმაში მოგვეპოვება. ცნობილია რომ ის იყო სიმონის ძე.
„ | მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა-მე ათორმეტნი გამოგირჩიენა? და ერთი თქუენგანი ეშმაკი არს. ხოლო იტყოდა იუდას სიმონისსა, ისკარიოტელსა, რომელი იყო ერთი ათორმეტთაგანი, რამეთუ ამას ეგულებოდა მიცემაჲ მისი. | “ |
(იოან.6:70-71).
მათე მოციქული თავის სახარებაში წერს:
„ | და ვითარცა განთენა, ზრახვა-ყვეს ყოველთა მღდელთ-მოძღუართა და მოხუცებულთა ერისათა იესუჲსთჳს, რაჲთა მოკლან იგი. და შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს იგი პონტიელსა პილატეს მთავარსა. მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმანცა მისცა იგი, რამეთუ დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოც და ათი იგი ვეცხლი მღდელთ-მოძღუართა მათ მიმართ და მოხუცებულთა და თქუა: ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენდა რაჲ? შენ იხილე! და დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა და შიშთვილ-იბა. | “ |
(მათ.27:1-5)
ლუკა მახარებელი სამოციქულოში კი:
„ | ამან მოიგო დაბაჲ იგი სასყიდლითა მით სიცრუვისაჲთა და განსივნა და განსთქდა შორის, და განიბნინეს ყოველნი ნაწლევნი მისნი. და საცნაურ იქმნა ყოველთა მკჳდრთა იერუსალჱმისათა, ვიდრეღა ეწოდაცა დაბასა მას თჳსითა სიტყჳთა მათითა აკელდამა, ესე იგი არს დაბაჲ სისხლისაჲ. | “ |
(საქ.1:18)
ხოლო მარკოზ მახარებელი და იოანე ღვთისმეტყველი კი არაფერს წერენ იუდას სიკვდილის შესახებ.
This article uses material from the Wikipedia ქართული article იუდა ისკარიოტელი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.