თვითმმართველობა — ამა თუ იმ ქვეყნის, მხარის, ტერიტორიული ერთეულის, ორგანიზაციის ან კოლექტივის საქმეთა დამოუკიდებელი გამგებლობა, არჩევითი ორგანოების მეშვეობით ან უშუალო დემოკრატიის გზით (კრების, რეფერენდუმის და სხვა საშუალებით).
საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციით აღიარებული და კანონმდებლობით გარანტირებული უფლება, შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, თვითმმართველობის ერთეულებში მათ მიერ შექმნილი ადგილობრივი ორგანოების მეშვეობით, კანონმდებლობის საფუძველზე, საკუთარი პასუხისმგებლობით და დამოუკიდებლად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.
ადგილობრივი თვითმმართველობა :
ადგილობრივი მმართველობა სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითადი ელემენტია. ადგილობრივი ანუ, როგორც მას ხშირად დასავლეთის ქვეყნებში უწოდებენ, მუნიციპალური თვითმმართველობა მოიცავს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მართვას, რომელიც არჩეული ორგანოების და მათი ადმინისტრაციული აპარატის მეშვეობით ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მოსახლეობის მიერ ხორციელდება. ადგილობრივი თვითმმართველობა სახელმწიფო მმართველობის ერთგვარად დეცენტრალიზირებული ფორმაა, რომლის ძირითად ნიშნებს არჩევითობა და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მართვა-გამგებლობაში გარკვეული დამოუკიდებლობა წარმოადგენს. იქმნება შესაბამისი ორგანოების სისტემა, რომელთაც საკუთარი აღმასრულებელი აპარატი, შესაბამისი უფლებამოსილებანი და მუნიციპალური საკუთრების სახით მატერიალური ბაზა გააჩნიათ.
ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება სოფელში, თემში, დაბაში, ქალაქში, აგრეთვე იმ ქალაქში, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში.
ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დებულების მიღება, მასში ცვლილებების შეტანა და კონტროლი მის შესრულებაზე; დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა; ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირება, შესრულება და კონტროლი; ადგილობრივი სამსახურებისა და შესაბამისი საწარმოების შექმნა და ლიკვიდაცია; კომუნალური მეურნეობა და ა.შ.
ადგილობრივი თვითმმართველობა შეიცავს ორი სახის ორგანოებს, როგორებიცაა არჩევითი - საკრებულოები (საბჭო, ასამბლეა) და აღმასრულებელი ორგანოები, რომლებიც ფორმალურად მოწოდებული არიან ცხოვრებაში გაატარონ წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებები. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა - საკრებულო, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დასახელებას ატარებს - საგრაფოს საბჭო, გენერალური საბჭო, მუნიციპალური საბჭო, კომუნალური საბჭო და სხვა. განვითარებულ ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევა ხდება შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობის მიერ, პირდაპირი და საყოველთაო არჩევნების საფუძველზე. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად: იტალიაში, შვედეთში, ლიეტუვაში გამოიყენება პროპორციული საარჩევნო სისტემა, ხოლო გერმანიაში შედარებით განსხვავებული სისტემაა, სადაც პროპორციული არჩევნები ე.წ. ხუთ პროცენტიანი ბარიერითაა რეგლამენტირებული.
This article uses material from the Wikipedia ქართული article თვითმმართველობა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.