ვასილ იაკობის ძე ამაშუკელი (დ.
14 მარტი, 1886, ქუთაისი — გ. 1 დეკემბერი, 1977, თბილისი) — ქართველი რეჟისორი და კინოოპერატორი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1974), პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის ავტორი. 1908 წელს ბაქოში გადაიღო დოკუმენტური ფილმები, ხოლო 1912 წელს გადაიღო აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში.
ვასილ ამაშუკელი | |
---|---|
აკაკი წერეთელი და ვასილ ამაშუკელი | |
დაბადების თარიღი | 14 მარტი, 1886 ქუთაისი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 1 დეკემბერი, 1977 (91 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ |
საქმიანობა | კინორეჟისორი, ოპერატორი |
აქტიური | 1908-1915 |
ჯილდოები | საქართველოს სახალხო არტისტი (1974) |
ხატვის სიყვარულის გამო სწავლობდა ქუთაისში ვასილ ბალანჩივაძის სამხატვრო სკოლაში. 1900 წელს სწავლის გაგრძელების მიზნით წავიდა მოსკოვში, სადაც ის კინემატოგრაფიით დაინტერესდა და ერთ-ერთი კინოთეატრის მექანიკოსის შეგირდად დადგა და საპროექციოდან ფილმის გაშვების სისტემა ისწავლა. მალე პატარა კინოთეატრ „ელექტრიკში“ ფილმების გაშვება მიანდეს. 1907 წელს ბაქოში გადავიდა საცხოვრებლად. იქ ელექტროტექნიკუმში გააგრძელა სწავლა და ერთ წელიწადში ბაქოში საუკეთესო მექანიკოსი გახდა. მალე მუშაობა დაიწყო ცნობილი თეატრალური მოღვაწის, კოტე მესხისა და მისი სიძის, ივანე გეპნერის, კინოთეატრში „ელექტრო-ბიოგრაფი“. 1908 წლის დამლევს მან დაგეპნერმა ბაქოში ჩაიტანეს ფრანგული „გომონის“ აპარატურა. მათ არ აკმაყოფილებდათ ბეგლიური კომპანია „პირონეს“ მიერ მიწოდებული ფილმები, ამიტომ გადაწყვიტეს, თავად შექექმნათ პროდუქცია.
1908 წელს ამაშუკელმა ბაქოში შექმნა ფილმები, რომლებიც შემორჩენილი არ არის, ცნობილია მხოლოდ მათი სახელები და ქრონომეტრაჟი. ამ ფილმების გამო ქართული კინოს ათვლის წერტილად სწორედ 1908 წელი ითვლება. 1909 წელს მან ბაქოში გადაიღო სამხედრო აღლუმი, რომელიც ღუნიბის აღების და შამილის დატყვევების 50 წლისთავისადმი იყო მიძღვნილი.
1910 წელს ამაშუკელი დაბრუნდა ქუთაისში, სადაც იმხანად გაიხსნა ახალი კინოთეატრი „რადიუმი“, რომლის ტექნიკური გამართვა ამაშუკელმა ჩაიბარა. ეს იყო ახლებული სტილის, 450-კაციანი კინოდარბაზი, რომელსაც ორი სასულე და სიმებიანი ორკესტრი ჰყავდა. ამაშუკელი „რადიუმის“ კინომექანიკოსი გახდა და თან განაგრძობდა კინოების გადაღებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ (1912), რომელიც ქართული დოკუმენტური კინოხელოვნების უნიკალური ძეგლია. ვასილ ამაშუკელის მოგონებები, მოგზაურობის დროს გადაღებულ ფოტოებთან ერთად, დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებაში.
ვასილ ამაშუკელი ერთხანს ისევ იღებდა სიუჟეტებს და მუშაობდა კინომექანიკოსად. 1915 წელს მან დაამონტაჟა კინოთეატრი ოზურგეთში, რომელიც გერმანე გოგიტიძემ ააშენა. მაგრამ ამაშუკელი კინოოპერატორობას აღარ მიბრუნებია. ამავე წელს გადაიღო აკაკი წერეთლის დაკრძალვის კადრები. წლების განმავლობაში მუშაობდა ქუთაისის აღმასკომში ელექტრიკოსად. საბჭოთა პერიოდში სახელმწიფოს მიმართა თხოვნით პერსონალური პენსიის თაობაზე, მაგრამ სოციალ-ფედერალისტური პარტიის მხარდაჭერა გაუხსენეს და უარი უთხრეს. მისი შემოქმედების კვლევა მხოლოდ 1940-იანი წლებიდან დაიწყო. 1974 წელს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა, მის პატივსაცემად ჩატარდა პირველი ეროვნული კინოფესტივალი, ზეიმით აღინიშნა მისი 90 წლის იუბილე. ერთი წლის შემდეგ, 1977 წელს ის გარდაიცვალა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ვასილ ამაშუკელი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.