დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი (დ.
1862, სოფ. ხიდისთავი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი — გ. 26 ივლისი, 1927, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, მწერალი, რუსთველოლოგი.
დავით კარიჭაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1862 |
გარდაცვალების თარიღი | 26 ივლისი, 1927 |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | ისტორიკოსი |
1876 წელს დაასრულა გორის საულიერო სასწავლებელი, 1882 წელს კი თბილისის სასულიერო სემინარია და გაემგზავრა პეტერბურგში, სადაც ჩაირიცხა უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მაგრამ გამწვავებული პოლიტიკური ვითარების გამო პარიზში წავიდა, სადაც სწავლა გააგრძელა სორბონის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1885 წელს საქართველოში დაბრუნდა და დაიწყო ფრანგული ენის მასწავლებლობა. შემდეგ მშობლიურ ენასა და ისტორიას ასწავლიდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში. ამავე დროს აქტიურად თანამშრომლობდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში“. 1892-1899 წლებში იყო ამ საზოგადოების გამგეობის მდივანი.
შედიოდა კირიონ II-ს მიერ შექმნილ სპეციალურ კომისიაში წევრად (გრიგოლ დიასამიძესთან და გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად), რომელსაც დავალებული ჰქონდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ზეპირსიტყვიერების ნიმუშების ჩაწერა.
1885 წლიდან ქართულ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა მისი მოთხრობები, გამოკვლევები, კრიტიკულ პუბლიცისტური წერილები. დ. კარიჭაშვილი დიდი რუდუნებით იკვლევდა საქართველოს წარსულს. მის კალამს ეკუთვნის ისტორიული ნაშრომები თამარ მეფეზე, დავით აღმაშენებელზე, ბაგრატ III-ზე , დავით კურაპალატზე და სხვა. მას ეკუთვნის აგრეთვე ცალკეული გამოკვლევები: „ქართველები უძველეს დროში“, „ქართული წიგნის ისტორია“, „ხუცური ანბანი“ და სხვა.
არანაკლებ საინტერესო ნაშრომები შექმნა დ. კარიჭაშვილმა ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლებზე: „ვარდბულბულიანი“, „იოსებ ზილიხანიანი“, „იონა ხელაშვილი“, „შუშანიკის წამება, — მისი ავტორი, დაწერის დრო“ და სხვა. იკვლევდა „ვეფხისტყაოსანსაც“. რუსთველოლოგიის თანამედროვე დონის მიუხედავად, მკვლევარის რამდენიმე ნაშრომი ამ დარგში, დრესაც ანგარიშგასაწევია.
1920 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკა–მუზეუმის გამგე. მისი წყალობით გადარჩა ამ საზოგადოების ფონდი.
1921-1927 წლებში დ. კარიჭაშვილი თბილისის უნივერსიტეტთან არსებული სიძველეთა საცავის მცველია. იყო ალექსანდრე ყაზბეგის პირველი ბიოგრაფი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
This article uses material from the Wikipedia ქართული article დავით კარიჭაშვილი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.