გლეხობა

გლეხობა — სოფლის მეურნეობის უშუალო მწარმოებელთა საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფენა.

გლეხობა ფეოდალური საქართველოში

გლეხობა 
აჭარელი გლეხები XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე

ტერმინი „გლეხი“ ქართულ წყაროებში VIII საუკუნიდან მოიხსენიება. გლეხი ეწოდებოდა პირადად არათავისუფალ პირს, რომელიც დასახლებული იყო და მეურნეობას ეწეოდა ფეოდალის მიწაზე, მიწის პატრონს კი ბეგარას უხდიდა. გლეხად იქცეოდა მიწათმფლობლის მიწის ნაკვეთზე დასახლებული თავისუფალი მეთემე, მონა, ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი ან გამოსყიდული და ნაკვეთზე „დასმული“ კაცი და ა. შ. XI–XII საუკუნეებში დასრულდა პირადად თავისუფალი მიწათმოქმედების (მდაბიურების) გაგლეხების პროცესი. ბატონს უფლება ჰქონდა გაქცეული გლეხი 30 წელს ეძებნა. შეეძლო გლეხის გასხვისება-გაყიდვა, გაჩუქება, გამზითვება, შეწირვა, წყალობით გაცემა და სხვ. საბატონო მიწის ნაკვეთს, რომელსაც გლეხი ფლობდა, ფუძე (ფუზე) ერქვა (XI–XV საუკუნეებში). ზოგჯერ მის აღსანიშნავად „მამულიც“ იხმარებოდა, რადგან მემკვიდრეობით მამისგან შვილზე გადადიოდა. XVI საუკუნიდან „ფუძის“ აღსანიშნავად შემოვიდა „საკომლო“ (საკუამლო, საკვამლო). XII საუკუნიდან ერთ ფუძეზე 2–8 კომლი იჯდა. XVIII საუკუნის II ნახევარში კი ზოგიერთი გლეხი საკომლოს მეთორმეტედ ნაწილს ფლობდა. მიმდინარეობდა საწინააღმდეგო პროცესიც – ახალი ფუძე-საკომლოების გაჩენა და შემცირებული მიწის ნაკვეთის შევსება. მიწის სანაცვლოდ გლეხი ფეოდალს უხდიდა ბეგარას (შრომით, ნატურით, ფულით). გლეხს შეიძლებოდა ჰქონოდა საკუთარი, ნასყიდი მიწაც, რაც კანონმდებლობით მტკიცე საკუთრება იყო, მაგრამ გლეხს მისი გასხვისება ბატონის ნებართვის გარეშე მაინც არ შეეძლო. გლეხი სარგებლობდა ასევე სათემო მიწებით.

ფეოდალების წინააღმდეგ გლეხობა იყენებდა პროტესტის სხვადასხვა ფორმას, მაგ., გადასახადზე უარის თქმა, ფეოდ. ვალდებულებათა შეუსრულებლობა, ჩივილი მეფესთან, აყრაგაქცევა, ზოგჯერ ბატონის მოკვლა, უფრო იშვიათად აბრაგობა, ყაზახობა, ყაჩაღობა, „ჯანყი“. რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის (1801 წ.) შემდეგ განსხვავება გლეხთა კატეგორიებს შორის თანდათან წაიშალა. გაუქმდა თარხანი, აზატი და მსახური გლეხის პრივილეგიები. ჩამოყალიბდა სახელმწიფო ანუ სახაზინო გლეხთა კატეგორია, რომელშიც შევიდნენ ყოფილი სამეფო და საუფლისწულო ყმები, აგრეთვე ცარიზმის საწინააღმდეგო აჯანყებებში მონაწილეობისათვის დასჯილი თავად-აზნაურთა ყმები. საეკლ. გლეხების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კი არსებითად არ შეცვლილა. 1860-იანი წლების დასაწყისისთვის საქართველოს გლეხური მოსახლეობის დაახლოებით 47%-ს საბატონო, 43%-ს სახაზინო და 10%-ს საეკლესიო გლეხები შეადგენდნენ. ბატონყმური სისტემის გაუქმების შემდეგ საბატონო გლეხებმა მიიღეს პირადი თავისუფლება, მათგან შეიქმნა დროებითვალდებულ გლეხთა ახალი კატეგორია. 1869–80 წლებში საეკლესიო გლეხობა თანდათან დაექვემდებარა სახაზინო უწყებას. ხიზნებს ფორმალურად რეფორმა არ შეხებია, მაგრამ ფაქტობრივად მათი მდგომარეობა უფრო მერყევი გახდა. რეფორმის შემდგომ წლებში, კაპიტალისტური ურთიერთობის განვითარების პირობებში გლეხობა, როგორც ერთიანი წოდება, თანდათან გაქრა და გაღრმავდა მის ფარგლებში სოციალური დიფერენცირების პროცესი. XIX–XX საუკუნეების მიჯნაზე საქართველოს გლეხობის 5%-ს შეადგენდნენ შეძლებული გლეხები („კულაკები“), 35–40%-ს – საშუალონი და 55–60%-ს ღარიბები.

გლეხობა თანამედროვე საქართველოში

რუსეთის რევოლუციის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში (1918-1921 წლები) გლეხების მდგომარეობა არსებითად შეიცვალა. 1918-1919 წლების აგრარულმა რეფორმამა მოსპო ბატონყმობის უკანასკნელი გადმონაშთები, გააუქმა მსხვილი თავადაზნაურული მიწათმფლობელობა, ჩამორთმეული მიწების დიდი ნაწილი გადასცა ღარიბ გლეხობას. გლეხების საკუთრებად დამტკიცდა როგორც ადრინდელი სანადელო მიწები, ისე ახლად მიზომილი ნაკვეთები, რამაც შექმა თავისუფალი გლეხური, ფერმერული მეურნეობის განვითარების შესაძლებლობა.

1921 წელს საქართველოში დამყარებულმა საბჭოთა ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ დააკანონა მიწის დიდი ნორმა, რითაც დაიცვეს თავადაზნაურობისა და „კულაკთა“ ინტერესები. ბოლშევიკების მიერ გატარებული ახალი რეფორმის შედეგად შემცირდა მიწის ნორმა, რამაც საგრძნობლად გაზარდა ღარიბი გლეხობის მიწათმფლობელობა, მაგრამ მიწის ნაციონალიზაციის კანონმა გლეხთა უფლება მიწაზე მნიშვნელოვნად შეზღუდა. ლენინის მიერ გამოცხადებული „ახალი ეკონომიკური პოლიტიკის“ პირობებში გლეხებს გარკევული დროით შეუნარჩუნდა სამეურნეო დამოუკიდებლობა, მიღებული პროდუქციის საბაზრო ფასებში გაყიდვის შესაძლებლობა, გამსაღებელ მომხმარებელთა კოოპერატივებში გაერთიანებისა და მიწის დამმუშავებელი ამხანაგობების შექმნის უფლება. 1929 წლიდან სამეურნეო პოლიტიკა შეიცვალა და დაიწყო მასობრივი, არსებითად ძალდატანებითი კოლექტივიზაცია, რასაც თან ახლდა რეპრესიები საშუალო და შეძლებული გლეხების მიმართ. კოლმეურნეობებში გაერთიანებულმა გლეხობამ დაკარგა კოლექტიური შრომის შედეგად მიღებული პროდუქციის თავის შეხედულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა. მისი მთავარი ფუნქცია გახდა პროდუქციის უაღრესად დაბალ ფასებში მიწოდება სახელმწიფოსათვის.

1950-იანი წლების შუა ხანიდან საბჭოთა რეჟიმის აგრარულ პოლიტიკაში გარკვეული ცვლილებები მოხდა. გაიზარდა სახელმწიფოსათვის მისაყიდი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასი, მაგრამ მეურნეობიდან კოლმეურნეთა შემოსავალი არსებითად არ გადიდებულა. ასეთ პირობებში კოლმეურნე გლეხები უფრო დაინტერესებული იყვნენ საკარმიდამო ნაკვეთებსა და გარე სამუშაოებზე, რამაც გამოიწვია აგრარული წარმოების კრიზისი და სასურსათო პრობლემის გამწვავება. 1980-იან წლებში კრიზისის დაძლევის მიზნით ტარდებდა ეკონომიკური ექსპერიმენტები. ე.წ. გარდაქმნის სტრატეგიის მიზანი იყო უშუალო მწარმოებელ მასას დაბრუნებოდა მიწისა და წარმოების საშუალებებზე ბატონ-პატრონობის გრძნობა, მაქსიმალურად ამაღლებულიყო კოლმეურნე გლეხობის სოციალური აქტიურობა. ხდებოდა საკუთრებისა და მეურნეობის ფორმათა გამრავალფეროვნება, საბჭოთა მეურნეობისა და კოლმეურნეობის პარალელურად თავისუფალი გლეხური და ფერმერული მეურნეობის შექმნა-განვითარება.

1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საბაზრო ურთიერთობათა თანდათანობით ჩამოყალიბებისა და კერძო საკუთრების განვითარების პირობებში თანამედროვე ქართული სოფლის ახალ სახეს ფერმერული მეურნეობა წარმოადგენს. საბაზრო ეკონომიკის პირობებში სოფლად მეურნე გლეხი, ისტორიულად სოციალურ კატეგორია, გარდაიქმნა ფერმერად, მესაკუთრედ, რაც უკვე ეკონომიკურ კატეგორიას განეკუთვნება.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ბენდიანიშვილი ა., მეგრელაძე დ., ქეშელაშვილი ო., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 42-44.
  • ბენდიანიშვილია., საქართველოს ისტორია (1801–1991), თბ., 1999;
  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965;
  • ბერძნიშვილი მ., გლეხთა გამოსაღებები XI–XII სს. საქართველოში, «ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინ-ტის შრომები», 1964, ტ. 7;
  • მ ი ს ი ვ ე, გლეხთა კატეგორიები XI–XII სს., იქვე, 1960, ტ. 5, ნაკვ. 1;
  • ბოგვერაძე ა., ქართლის ადრეფეოდალური საზოგადოებრივი ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1961;
  • გუგუშვილი პ., საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX–XX სს., ტ. 2, ნაწ. 2, თბ., 1956;
  • ლორთქიფანიძე მ., ძირითადი საზოგადოებრივი კლასები IX–X სს. საქართველოში, «საქ. სსრ მეცნ. აკადემიის საზ. მეცნ. განყ-ბის მოამბე», 1960, #1;
  • მეგრელაძე დ., გლეხობის კლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში, თბ., 1979;
  • მუსხელიშვილი ლ., დასავლეთ საქართველოს გლეხობის სოციალურ-ეკონომიკური კატეგორიები XVI–XVII სს., «ენიმკის მოამბე», 1940, ტ. 5–6;
  • ნარკვევები ფეოდალური საქართველოს გლეხობის ისტორიიდან, ნაწ. 1, თბ., 1967;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
  • სოსელია ო., ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს ისტორიიდან, თბ., 1966;
  • Антелава И. Г ., Государственные крестьяне Грузии в XIX веке, т. 1, Тб., 1969;
  • Сельское хозяйство и аграрные отношения (источники и материалы), cост. П. В. Гугушвили, т.1–4, Тб., 1937–55

Tags:

გლეხობა ფეოდალური საქართველოშიგლეხობა თანამედროვე საქართველოშიგლეხობა იხილეთ აგრეთვეგლეხობა ლიტერატურაგლეხობა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დედის დღეტოლერანტობამასტურბაციახმელთაშუა ზღვაგეოგრაფიული მდებარეობაჩინეთის დიდი კედელიჰოლოკოსტიინგლისის რევოლუციამონღოლებისაქართველოს ბრძოლების სიაამერიკის შეერთებული შტატებისაფიე სულთანიიტალიააგათა კრისტიგრიგოლ ორბელიანითემურლენგის ლაშქრობები საქართველოში1924 წლის აგვისტოს აჯანყებაარჩვისაქართველოს ტბებიადამიანის უფლებებიქართული მითოლოგიასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეშალვა ქსნის ერისთავიშავი ზღვათერგდალეულებილურჯი ვეშაპიბარდა სკლიაროსიბაგრატიონებიპლუტონიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაჟოზეფ პიტონ დე ტურნეფორიისრაელიფარნავაზ Iირაკლი კობახიძეკონსტანტინოპოლიელინიზმიარსებითი სახელიგიორგი (ჯამდელიანი)გონიოს ციხებათუმიძუძუმწოვრებისიტყვამერაბ დვალიშვილიზღვის ღორიპირველი ჯვაროსნული ლაშქრობამსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითფრინველებიბედიის მონასტერიელისაბედ Iსამხრეთი ამერიკათიკა ფაცაციასაქართველო VI საუკუნეშინილოსიFacebookსიურრეალიზმიმსოფლიო მემკვიდრეობარევაზ ლაღიძელომიქართვლის დედასაუდის არაბეთილონდონისაქართველოს მთათაშორისო ბარიგრიგოლ ხანძთელიტობავარჩხილირადიაციაერეკლე IIკათოლიციზმიმუხათხის რქა (ასტროლოგია)აფხაზეთის კულტურალევან თედიაშვილიაჭარამყინვარწვერიევერესტივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიკონსტიტუციაჰალიკარნასის მავზოლეუმიალუდა ქეთელაური🡆 More