გიორგობა
გიორგობა — ქრისტიანული წმინდანის, გიორგი კაპადოკიელის სახელობის დღეობა.
გიორგობა — ქრისტიანული წმინდანის, გიორგი კაპადოკიელის სახელობის დღეობა. საეკლესიო კალენდრის მიხედვით, დაწესებულია 23 აპრილი (6 მაისი) და 10 (23) ნოემბერი. ხალხური გიორგობა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელწოდებით იმართებოდა: ქართლში — გერისთობა, უსანეთობა, ატოცობა; კახეთში — ალავერდობა, თეთრი გიორგობა; სამეგრელოში — ილორობა და სხვა.
ხალხური ლეგენდა
საქართველოში არსებობდა წმ. გიორგის სახელობის 363 ტაძარი და სამლოცველო (ლეგენდის მიხედვით, წმ. გიორგის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია. ყველგან, სადაც ეს ნაწილი მოხვდა, სალოცავები დააწესა).
მარქსისტული ეთნოგრაფიის მიდგომა
ენგელსის კულტურული სტადიალიზმისა და მარქისტულ-ლენინური ეთნოგრაფიული სკოლის მიმდევარ მკვლევართა მოსაზრებით (ივ. ჯავახიშვილი, ვერა ბარდაველიძე და სხვ.),[1][2] გიორგობას საფუძვლად უდევს მცენარეული სამყაროსა და ნადირთა მფარველი, ფალოური, მოკვდავი და აღდგენადი ღვთაების თაყვანისცემა. მომდევნო ხანაში ამ ღვთაებას ელვისა და ჭექა-ქუხილის გამგებლისა და მსაჯულის ფუნქციაც დაეკისრა, ხოლო იკონოგრაფიულად ცეცხლოვანი ატრიბუტებით აღჭურვილი მეომარი ღვთაების სახით ჩამოყალიბდა.
ამ მკვლევართა აზრით, ძველად საქართველოში ცალკეულ კუთხეებში თაყვანს სცემდნენ ამ ღვთაებებს, რომლებიც მიუხედავად შინაარსობრივი იგივეობისა, სხვადასხვა სახელით იწოდებოდნენ და ამა თუ იმ ტერიტორიული ერთეულის მფარველებად ითვლებოდნენ. აღმოსავლეთ საქართველოში მთაში დღემდე შემორჩენილია ადგილობრივი ღვთაებები, რომელთაც გარდა თავისი სახელისა, გიორგისაც უწოდებდნენ (ლაშარი, ლომისა, ხახმატი და ა. შ.), ბარში კი ძველი წარმართული ღვთაება მთლიანად შეცვალა ქრისტიანულმა წმინდა გიორგიმ. კულტმსახურებისას მიღებული იყო ზვარაკის შეწირვა: კლავენ მამალს, ცხვარს, ხარს. საერთოდ ყველა დღეობა მცირეოდენი განსხვავებით ერთი პრინციპის მიხედვით იყო აგებული.[3]
ხალხური რიტუალები
კახეთში 14 აგვისტოს იმართებოდა აწყურის თეთრი გიორგის დღეობა: ხალხი სამგზის ან შვიდგზის შემოუვლიდა გალავანს, გუნდი დიდებას გალობდა. ეკლესიის ეზოში ცეკვავდნენ თეთრად მორთული „ხატის მონები“. ზოგი ხატის უღლებითა და მძიმე ჯაჭვით დატვირთული ჩოქვით შემოუვლიდა ტაძარს და კედლებზე ანთებულ სანთელს აკრავდა. კარის ზღურბლზე წვებოდა „ხატის მონა“, რომელსაც ყველა შემსვლელი ფეხს ადგამდა. წირვის შემდეგ იკვლებოდა შეწირული საქონელი, ფრინველი, იმართებოდა პურობა, რომელიც ხშირად რამდენიმე დღე გრძელდებოდა.
სამეგრელოში, სუჯუნის ტაძარში, 23 აპრილის ღამეს ათევინებდნენ საპატიო კაცს, რომელიც მეორე დილით წმინდანის „ნებას“ აცნობდა ტაძართან შეკრებილ მორწმუნეებს.
ლიტერატურა
- სურგულაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 166.
- სურგულაძე ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 34.
- Чурсин Г. Ф. Народные обычаи и верования Кахетии, Тфл., 1905
- ბარდაველიძე ვ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები, ტ. 1 – ფშავი, თბ., 1974;
- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1).
სქოლიო
- ↑ Kevin Tuite, Highland Georgian paganism — archaism or innovation? Review of Zurab K’IK’NADZE. 1996. kartuli mitologia, I. !vari da saq’mo. Université de Montréal, for: Annual of the Society for the Study of the Caucasus
- ↑ Kevin Tuite (Université de Montréal), The reception of Marr and Marrism in the Soviet Georgian academy. Socialist Era Anthropology in the Caucasus and Central Asia — 23-24 April, 2009. Max Planck Institute for Social Anthropology, Halle
- ↑ ბარდაველიძე ვ., „აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები“, ტ. 1- ფშავი, თბ., 1974
This article uses material from the Wikipedia ქართული article გიორგობა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply. (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 3.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
#Wikipedia® is a registered trademark of the Wikimedia Foundation, Inc. Wiki (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wikimedia Foundation.
In other languages:
- სომხური: Գիորգոբա - Wiki հայերեն
- რუსული: Гиоргоба - Wiki русский
- უკრაინული: Гіоргоба - Wiki українська
- Mingrelian: გერგობა - Wiki მარგალური