ბაცბური ენა, წოვა-თუშური ენა, წოვათუშური ენა — ნახურ-დაღესტნური ენათა ოჯახის ნახური ჯგუფის უმწერლობო ენა.
მასზე ლაპარაკობენ საქართველოში ახმეტის რაიონის სოფ. ზემო ალვანის მცხოვრები წოვა-თუშები, დაახლოებით 500 კაცი (1997). ქართულად უწოდებენ თუშურსაც, რაც აისახა სამეცნიერო ლიტერატურაშიც. საგრძნობია განსხვავება მოხუცებისა და ახალგაზრდების მეტყველებას შორის, შეინიშნება მცირე სხვაობა სოფლის სხვადასხვა უბანში.
ბაცბური ენა ბაცბა | |
გავრცელებულია | საქართველო, კახეთი |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 500 (1997) |
ოფიციალური სტატუსი | - |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ნახურ-დაღესტნური ენები |
დამწერლობის სისტემა | უმწერლობო |
ენის კოდები | ISO 639-1: - ISO 639-2: - ISO 639-3: bbl |
რუკა | |
მოლაპარაკეთა არეალი |
ბაცბური ენის ხმოვანთა სისტემა რთულია. გარდა ხუთი ხმოვნისა (ა, ე, ი, ო, უ), გამოიყოფა მეორეული, მაგრამ ფონემატური მნიშვნელობის მოკლე და ნაზალური ხმოვნები. არის გრძელი ხმოვნები და დიფთონგები. თანხმოვანთაგან სპეციფიკური ფონემია ლატერალი, ლარინგალი, რამდენიმე ფარინგალი და ზოგიერთი გემინატი.
ბაცბური ენაში გამოიყოფა 4 გრამატიკის კლასის ნიშანი: ვ-, ბ-, ჲ-, დ-. არსებით სახელთა დაყოფა გრამატიკის კლასებად მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის მიხედვით 8 ჯგუფს აღწევს. გრამატიკის კლასის პრეფიქსები წარმოდგენილია ზმნასა და ზედსართავში, ნაცვალსახელში „ყველა“ და რიცხვით სახელში „ოთხი“. სახელთა სისტემა რთულია. ძირითადი ბრუნვებია სახელობითი, ერგატივი, ნათესაობითი, მიცემითი. ნივთთა კლასში ერგატივი ემთხვევა მოქმედებითს, ადამიანთა კლასში კი იმთავითვე გარჩეულია. ადგილობრივი ბრუნვებია ლოკატივი და რამდენიმე მიმართულებითი. არის ერთ- და ორთანდებულიანი ფორმები. ზოგი ბრუნვის ნიშანი და თანდებული სიტყვაწარმოების აფიქსადაც გამოიყენება. ბრუნება ორფუძიანია; ჯგუფები გამოიყოფა ფონეტიკურ-მორფოლიგიური ნიშნის მიხედვით. ზმნა მდიდარია დრო-კილოთა ფორმებით. უღვლილება კლასოვან-პიროვანია. პიროვანი საბოლოოდ ჩამოყალიბებული არაა. გრამატიკის კლასით გადმოცემულია გარდაუვალი ზმნის სუბიექტი და გარდამავალის ობიექტი. პირის ნაცვალსახელთაგან მომდინარე პირის ნიშნებით ჩვეულებრივ აღინიშნება სუბიექტი, იშვიათად - ობიექტი. ზმნის უძველესი კატეგორიაა ასპექტი. მას ემყარება დროთა წარმოება. გარდამავლობა გარჩეულია სინტაქსურად. გარდამავალი ზმნა ერგატიულ კონსტრუქციას ქმნის, გარდაუვალი - ნომინატიურს. სპეციფიკური კონსტრუქციის მარტივი წინადადების პარალელურად ქართული ენის გავლენით ბაცბური ენაში ჩნდება რთული წინადადება სათანადო ახალი კავშირებით.
ბაცბურ ენაში დიდი რაოდენობითაა შესული ქართულიდან ნასესხები სიტყვები. მკაფიოდ გამოხატული სესხების წესები ჩამოყალიბებულია ბაცბური ენის ლინგვისტური მოდელის მიხედვით.
ბაცბურში განირჩევა რაოდენობითი და რიგობითი რიცხვითი სახელები. ზოგადად ბაცბურ ენაში არის თვლის ოცობითი სისტემა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ბაცბური ენა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.