ასკანის ციხე, თამარის მეფის ციხე — ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე.
მდინარე ბახვისწყლის მარცხენა ნაპირზე, სოფელ მთისპირში, გურიაში. ციხეზე გამოიყოფა რამდენიმე სამშენებლო ფენა, რომელთაგან უძველესი IV საუკუნისაა, უახლესი — XIX საუკუნისა. სამეცნიერო ექსპედიცია ციხეზე არასდროს ყოფილა და ის დღედმე შეუსწავლელია. ციხეს ასკანისა ეწოდება, რადგან სოფელი მთისპირი ისტორიულად შედიოდა ასკანის თემში. იყო გურიის სამთავროს ხაზინის საცავი.
ასკანის ციხე | |
---|---|
მდებარეობა | საქართველო |
სტატუსი | დანგრეული |
ისტორია | |
თარიღდება | IV საუკუნით |
ასკანის ციხე ვიკისაწყობში |
ასკანის ციხე მდებარეობს მდინარე ბახვისწყლის მარცხენა ნაპირზე, დელემურისა და თაფურიათის მთებს შორის, ნასოფლარ ციხისუბნის ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად ბენტონიტური თიხა მოიპოვება.
ივანე როსტომაშვილის ცნობით ციხე IV სუკუნეშია აგებული. გადმოცემის თანახმად ციხეზე ულაშქრია მურვან-ყრუს. ლეგენდის თანახმად, მას გასჭირვებია ციხის აღება და უბრძანებია, უნაგირები და კეხები მოეხსნათ ცხენებიდან, ერთმანეთზე დაეწყოთ და ასე ასულიყვნენ ციხეში. მეციხოვნეებს გავარვარებული ისრები უსვრიათ და უნაგირებისთვის ცეცხლი გაუჩენიათ. მურვან ყრუს ლაშქარი უკან გაბრუნებულა, მეციხოვნეები გამოსდევნებიან და ბრძოლაში მურვანს მუზარადი დაუკარგავს. გადმოცემის მიხედვით მუზარადი დიდხანს ინახებოდა ციხის ეკლესიაში. მურვან ყრუს ლაშქრობას გურიაში ქართლის ცხოვრება ადასტურებს. ივანე როსტომაშვილის ენციკლოპედიურ ლექსიკონში აღნიშნულია, რომ ასკანის ციხე IV საუკუნეს განეკუთვნება. V-VII საუკუნეებს განეკუთვნება ასკანის ციხის ბაზილიკა.
XVIII საუკუნის შუა წლებში ასკანის ციხისთავის თანამდებობას ფლობდნენ მანველიშვილები, ხოლო შემდეგ ასათიანები.1770 და 1774 წლებში აიღეს ოსმალებმა, მაგრამ ორივეჯერ მამია IV გურიელმა და სოლომონ I-მა უკან დაიბრუნეს.
1804 წელს ქაიხოსრო გურიელმა ციხე წაართვა ურჩ ციხისთავს დავით ასათიანს. გურიელის 6 კვირის განმავლობაში ალყა ჰქონდა შემორტყმული ციხისთვის, მნაგრამ ვერ აიღო. ამის შემდეგ გაღარიბებულმა აზნაურმა ბეჟან ბერიძემღალატით გამოიტყუა ციხიდან დავით ასათაინი, რომელიც ქაიხოსროს მოლაშქრეებმა მოკლეს. ქაიხოსრომ ციხის დაუფლების შემდეგ ციხისთავობა ჩამოართვა ასათაინებს და ციხისთავად დანიშნა სვიმონ თაყაიშვილი. მანვე ციხე განაახლა და სამთავროს მთავარ საპყრობილედ გადააქცია. 1819 წელს ციხის აღებას ცდილობდა აჰმედ-ფაშა ხიმშიაშვილი. ის ოსმალთა რაზმით თავს დაესხა სოფელს და რამდენიმე მცხოვრები გაიტაცა. მათ დაედევნა მამია გურიელი. გურულების რაზმმა გზა მოუჭრა ოსმალებს, ბრძოლაში მოკლეს აღა და 34 კაცი და 90-მდე კი დაატყვევა, მათ შორის აჰმედ ბეგის ბიძაშვილი, ორ მოხელე 75 ჯარისკაცი 12 მედროშე, გატაცებულები კი სახლებში დააბრუნა.
1828 წელს ასკანის ციხეში იყო გამაგრებული სოფიო გურიელი, რომელიც გურიაში რუსეთის მმართველობის დამკვიდრების წინააღმდეგ იბრძოდა. 30 სექტემბერს ასკანის ციხე რუსეთის ჯარმა დაიკავა. 1870-იან წლებში ციხეში შემორჩენილი იყო ძვირფასი ნივთები, ფული, ავეჯი, წყლის რეზერვუარი, პატიმართა საკანი, ზარბაზანი. 1884 წელს ოზურგეთის მაზრის უფროსმა დ. ვირუბოვმა კედლის ერთი კუთხე გამოანგრევინა, რათა მისი სისქე შეემოწმებინათ. ციხე აღჭურვილი იყო ქვემეხებით, რომლებიც XX საუკუნის 30–იან წლებში შემდეგ ოზურგეთში წაიღეს.
1833 წლის ცნობით, ასკანის ციხე ორი კოშკის, წითელი მარმარილოთი ნაშენი სამლოცველოსა და რამდენიმე ხის ქოხისაგან შედგებოდა. ციხე ნაგებია ფლეთილი ქვითა და კირხსნარით. საკმაოდ დაზიანებული გალავნის კედლების სისქე 2 მეტრს, სიმაღლე კი 6 მეტრს აღემატება. ციხის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შესასვლელია. შესასვლელის მარცხნივ არის ღრმა ჭა, წიდან ჩასასვლელი იყო გვირაბში, რომელიც ჩადიოდა მდინარე ბახვისწყალზე. ამჟამად ჭა ქვა-ღორღითაა ამოვსებული. 1889 წლის ცნობით ციხის შიგნით იყო ორი დიდი ქვა-ქვევრი, მათ შორის ერთი წყლის სათვალავად წოდებული, ასევე 4 მეტრი სიმაღლის და 2 მეტრი სიგანის სანადიმო ქვაფორე. მაღალ კლედზე აგებულია ციხის სასახლე. სასახლის გვერდით იდგა თლილი ქვით ნაგები ბაზილიკა.
ამჟამად ხის ნაგებობათაგან აღარაფერია შემორჩენილი, საგრძნობლად დაზიანებულია გალავნის კედლები.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ასკანის ციხე, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.