აიზეკ აზიმოვი (ინგლ.
გამოთქმა [ˈaɪzək ˈæzɪmɔv] დ. 1920, პეტროვიჩი, რუსეთი — გ. 6 აპრილი, 1992, ნიუ-იორკი) — რუსი-ამერიკელი ბიოქიმიკოსი და სამეცნიერო ფანტასტიკური მოთხრობების მწერალი. სიცოცხლის მანძილზე იგი რობერტ ჰაინლაინთან და არტურ კლარკთან ერთად სამეცნიერო ფანტასტიკის „დიდი სამეულის“ წევრად ითვლებოდა. აზიმოვის შემოქმედება 500-ზე მეტ წიგნს მოიცავს. სამეცნიერო ფანტასტიკის გარდა, მის კალამს ეკუთვნისა მისტიკისა და ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებები, ასევე არამხატვრული ტექსტები.
აზიმოვის ყველაზე გახმაურებული ნაშრომია დასაბამის სერია, რომლის პირველი სამი წიგნისთვისაც 1966 მან მიიღო ჰიუგოს პრემია „ყველა დროის საუკეთესო სერიისთვის“. ავტორის სხვა ძირითადი სერიებია: გალაქტიკის იმპერია და რობოტის სერია.
აზიმოვმა 380-ზე მეტი მოთხრობა დაწერა, მათ შორის ყველაზე ცნობილია „დაღამება“, რომელიც 1964 წელს ამერიკის ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალთა ორგანიზაციამ ყველა დროის საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობად აღიარა.
აზიმოვი ამერიკის ჰუმანისტური ასოციაციის პრეზიდენტი იყო. მის პატივსაცემად მისი სახელი უწოდეს ასტეროიდს, კრატერს მარსზე, დაწყებით სკოლას ბრუკლინში, ჰონდას ჰუმანოიდ რობოტ ASIMO-ს. აზიმოვის სახელობის ოთხი ლიტერატურული პრემია არსებობს.
აზიმოვის თავდაპირველი სახელია ისააკი (რუს. Исаак, ინგლ. Isaak), თუმცა, ვინაიდან იგი ინგლისურენოვანი საზოგადო მოღვაწე იყო, დამკვიდრდა მისი სახელის ინგლისური ვერსია აიზეკ-ი (რუს. Айзек).
აიზეკ აზიმოვი დაიბადა შეძლებულ ებრაულ ოჯახში. მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, თავად აიზეკი თავის დაბადების დღეს 1920 წლის 2 იანვარს ზეიმობდა, მისი დაბადების თარიღის ქვემო ზღვარი არ უნდა იყოს 1919 წლის 14 ოქტომბერზე ადრინდელი. იგი დაიბადა რუსეთში, სმოლენსკის ოლქის სოფელ პეტროვიჩიში. უცნობი მიზეზების გამო, 1923 წელს, როდესაც აიზეკი სამი წლისა იყო, აზიმოვების ოჯახი ჯოზეფ ბერმანის, აზიმოვის დედის ნახევარძმის, მიწვევით რუსეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაიხვეწა .
აიზეკი გაიზარდა ბრუკლინში, 5 წლის ასაკში მან დამოუკიდებლად ისწავლა კითხვა და სკოლაში მიაბარეს (სკოლაში სიარული წესით 6 წლის ასაკში უნდა დაეწყო, მაგრამ დედამისმა გადააკეთა მისი დაბადების მოწმობა და დაბადების თარიღად ჩაწერა 1919 წლის 7 სექტემბერი, რათა აიზეკს შესძლებოდა სწავლის ადრე დაწყება). ბავშვობის განმავლობაში იგი მუშაობდა ოჯახურ მაღაზიაში სადაც სხვათა შორის სამეცნიერო ფანტასტიკური ჟურნალები იყიდებოდა; ამან ახალგაზრდა აიზეკს სამეცნიერო ფანტასტიკის გაცნობის საშუალება მისცა. დაახლოებით თერთმეტი წლის ასაკში მან თავისი პირველი ნოველა დაწერა.
აიზეკმა შესძლო სტიპენდიის მიღება და სწავლის გაგრძელება რადგან კარგი მოსწავლე იყო. ათწლედის დამთავრების შემდეგ, 1935 წელს, 15 წლის აიზეკი აზიმოვი მოეწყო Seth Low Junior College–ში, მაგრამ ვინაიდან ეს კოლეჯი ერთი წლის მერე დაიხურა, იგი გადავიდა კოლუმბიის უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე. სადაც 1939 წელს მიიღო ბაკალავრის (B.S.) ხარისხი, ხოლო 1941 წელს კი — ქიმიის მეცნიერებათა მაგისტრის (M. Sc.) და მოეწყო ასპირანტურაში. 1942 წელს აიზეკმა მიატოვა ასპირანტურა და ქიმიკოსად დაიწყო მუშაობა ფილადელფიის გემსაშენში (აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად ამავე გემსაშენზე მუშაობდა სხვა ფანტასტი მწერალიც რობერტ ჰაინლაინი).
1945 წლის ოქტომბრიდან 1946 წლის ივლისამდე აიზეკ აზიმოვი მსახურობდა ჯარში, ჰქონდა კაპრალის სამხედრო წოდება. აიზეკ აზიმოვმა სამხედრო სამსახურის შესრულებისას უარი განაცხადა ბიკინის ატოლებზე მიმდინარე ატომური ბომბის გამოცდებში მონაწილეობაზე.
1948 წელს აიზეკ აზიმოვმა დაიცვა დოქტორის წოდება ბიოქიმიაში. დოქტორის ხარსიხის მოპოვების შემდეგ მან მუშაობა დაიწყო მასწავლებლად ბოსტონის უნივერსიტეტში. 1951 წელს გახდა პროფესორის თანაშემწე (ინგლ. assistant professor), 1955 წელს კი — ასოცირებული პროფესორი (ინგლ. associate professor). იმავდროულად აიზეკ აზიმოვმა ხელი წერას მიჰყო და ნელ-ნელა თავი ანება საუნივერსიტეტო მოღვაწეობას; 1958 წელს უნივერსიტეტმა შეუწყვიტა ჯამაგირის გადახდა თუმცაღა შეუნარჩუნა წოდება. 1979 წელს აიზეკ აზიმოვს მიენიჭა სრული პროფესორის (ინგლ. full professor) წოდება.
1942 წლის 26 ივლისს იქორწინა გერტრუდ ბლუგერმანზე (ინგლ. Gerthrude Blugerman), რომელიც გაიცნო იმავე წლის თებერვალში წმინდა ვალენტინის დღეზე. ამ ქორწინებიდან მას შეეძინა ორი შვილი, 1951 წელს ეყოლა ვაჟი, დავითი (ინგლ. David), ხოლო 1955 წელს გაუჩნდა ასული რობინ ჯოანი (ინგლ. Robyn Joan).
1970 წელს იგი გაშორდა თავის მეუღლეს, რომელთანაც განქორწინება მოხდა 1973 წლის 16 ნოემბერს. იმავე წლის 30 ნოემბერს აიზეკ აზიმოვმა შეირთო ამერიკელი რომანისტი ჯანეტ ოპალ ჯეფსონი (ინგლ. Janet Opal Jeppson), რომელიც ჯერ კიდევ 1959 წელს გაიცნო. ამ ქორწინებიდან აიზეკს შვილი არ შესძენია.
აიზეკ აზიმოვი გარდაიცვალა 1992 წლის 6 აპრილს გულისა და თირკმელების უკმარისობის გამო შიდსის ფონზე, რომლითაც დაავადდა 1983 წელს გულზე ოპერაციის დროს.
აიზეკ აზიმოვს წერა 11 წლის ასაკში დაუწყია, მიუხედავად ამისა პირველად მისი ნაწარმოები გამოქვეყნდა ჟურნალ Amazing Stories-ის 1939 წლის 10 იანვრის ნომერში, ამ ნაწარმოების სახელია „ვესტას ტყვეობაში“ (ინგლ. Marooned Off Vesta).
აიზეკ აზიმოვის ლიტერატურული მოღვაწეობა შეიძლება სამ პერიოდად დაიყოს.
აზიმოვის შემოქმედების ნაყოფია ისეთი სიტყვები თუ ცნებები როგორიცაა: რობოტიკა, ფსიქოისტორია, რობოტიკის სამი კანონი, პოზიტრონული და ა.შ.
აიზეკ აზიმოვის თხზულებები 500-ზე მეტ ნაწარმოებს ითვლის.
ქვემოთ ჩამოთვლილია მათი ნაწილი.
თავიდან რობოტების ციკლი არ იყო დასაბამის ციკლის ნაწილი, სიცოცხლის დასასრულ აიზეკ აზიმოვმა მოახდინა ამ ორი ციკლის „შერწყმა“, რათა მოეცა გალაქტიკის ერთიანი აწყობილი ისტორია. შერწყმული ციკლი ცნობილია სახელწოდებით „დასაბამი“ (ინგლ. Foundation).
ვარსკვლავით (*) მონიშნული თხზულებებს აქვთ მცირე კავშირი დასაბამის ციკლთან.
აიზეკ აზიმოვს სხვადასხვა უნივერსიტეტისაგან აქვს მიღებული საპატიო დოქტორის 14 წოდება.
1997 წელს, სიკვდილის შემდეგ, იგი შეყვანილ იქნა სამეცნიერო ფანტასტიკის და ფანტაზიის დიდების დარბაზში.
2009 წელს მისი სახელი ეწოდა კრატერს პლანეტა მარსზე;
თარგმანი ქართულ ენაზე:
This article uses material from the Wikipedia ქართული article აიზეკ აზიმოვი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.