ათი მცნება — ათი უმთავრესი კანონი (წესი), რომელიც ძველი აღთქმის ხუთწიგნეულის თანახმად თავად ღმერთმა მისცა მოსე წინასწარმეტყველს სინის მთაზე (ძველი აღთქმა, გამოსვლაჲ , 19:10-25).
ასე ითარგმნა ებრაული ფრაზა‛ასერეთ ჰადდევარიმ, რომელიც მხოლოდ ხუთწიგნეულში გვხვდება. მასში იგულისხმება კანონის შეთანხმების ათი ძირითადი კანონი. მას აგრეთვე უწოდებენ ათ სიტყვას კანონთა ეს განსაკუთრებული კრებული ბიბლიაში მოიხსენიება, როგორც „სიტყვები“ (კნ. 5:22) და „შეთანხმების სიტყვები“ (გმ. 34:28). ბერძნულ სეპტუაგინტაში (გმ. 34:28; კნ. 10:4) ეს ფრაზა გადმოტანილია, როგორც დეკა (ათი) ლოგუს (სიტყვები). აქედან მომდინარეობს სიტყვა „დეკალოგი“.
პირველად ათი მცნება ღმერთმა ისრაელის კრებულს, სინას მთასთან ანგელოზის პირით გაუცხადა.ამის შემდეგ მოსე ავიდა მთაზე ქვის ორ ფილაზე დაწერილი ათი მცნების მისაღებად. იქ მან ღვთისგან სხვა წესები და მითითებებიც მიიღო. ვიდრე მოსე 40 დღეს მთაზე იმყოფებოდა, ხალხი მოუთმენლობამ შეიპყრო და კერპად ოქროს ხბო ჩამოასხა. მათი კერპთაყვანისმცემლობის დანახვაზე მთიდან ჩამომავალმა მოსემ „ღვთის ნაკეთები“ ფილები, რომლებზეც ათი მცნება ეწერა, ძირს დაანარცხა და დაამსხვრია.
მოგვიანებით ღმერთმა უთხრა მოსეს: „გამოთალე პირველი ფილების მსგავსი ორი ქვის ფილა და დავწერ მე იმ სიტყვებს, რომლებიც პირველ ფილებზე ეწერა, შენ რომ დაამტვრიე“ (გმ. 34:1—4). მოსემ კიდევ 40 დღეს დაჰყო მთაზე, სადაც ათი მცნების ასლი მიიღო. ეს ფილები მან აკაციის ხის კიდობანში შეინახა. ამ ფილებს „შეთანხმების ფილები“ უწოდეს. შესაძლოა სწორედ ამიტომ ეწოდა „შეთანხმების კიდობანი“ მოგვიანებით ბეცალელის მიერ გაკეთებულ ოქროთი მოვარაყებულ კიდობანს, რომელშიც ეს ფილები ინახებოდა.
ათი მცნებისგან შემდგარ კანონს „მოწმობა“ და „მოწმობის ორი ფილა“ ეწოდებოდა . აქედან წამოვიდა ფრაზები „მოწმობის კიდობანი“ და „მოწმობის კარავი“, რომელშიც ეს კიდობანი იდგა.
ათ მცნებას პირველ პირში გაკეთებული განაცხადი უძღოდა წინ: „მე ვარ შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის მიწიდან, მონობის სახლიდან“. ამ სიტყვებიდან მხოლოდ ის კი არ ჩანდა, თუ ვინ ვის მიმართავდა, არამედ ისიც, თუ რატომ მიეცათ სწორედ ამ დროს იუდეველებს ათი მცნება, რომლებიც ღმერთს აბრაამისთვის არ მიუცია.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ათი მცნება, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.