ულისე ალდროვანდი (იტალ.
Ulisse Aldrovandi; ულის ალდროვანდუსი; დ. 11 სექტემბერი, 1522, ბოლონია — გ. 4 მაისი, 1605, ბოლონია) — იტალიელი ბუნებისმეტყველი. იყო ნატურალისტი, ექიმი, ბოტანიკოსი, ენტომოლოგი, ზოოლოგი და ჰუმანისტი. ბოლონიაში დააარსა ბოტანიკური ბაღი და მუზეუმი. კარლ ლინე და გრაფი ბიუფონი ალდროვანდის ბუნებისმეტყველების მამად მიიჩნევდნენ.
ულისე ალდროვანდი | |
---|---|
იტალ. Ulisse Aldrovandi | |
დაბ. თარიღი | 11 სექტემბერი, 1522[1] [2] [3] |
დაბ. ადგილი | ბოლონია, პაპის ოლქი[4] [3] |
გარდ. თარიღი | 4 მაისი, 1605[1] [3] [5] [6] [7] [8] (82 წლის) |
გარდ. ადგილი | ბოლონია, პაპის ოლქი[3] |
მოქალაქეობა | პაპის ოლქი |
საქმიანობა | ენტომოლოგი[3] , ბუნებისმეტყველი[3] , ბოტანიკოსი[3] , ორნიტოლოგი[3] , ზოოლოგი[3] , მხატვარი, ექიმი[3] , პედაგოგი, უნივერსიტეტის პროფესორი[3] და გეოლოგი |
მუშაობის ადგილი | ბოლონიის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | პადუის უნივერსიტეტი და ბოლონიის უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | Aelius Everardus Vorstius და Gasparo Tagliacozzi |
ულისე ალდროვანდი დაიბადა ქალაქ ბოლონიაში, თავადაზნაურთა ოჯახში. მის მშობლებს სურდათ, რომ ულისეს ნოტარიუსის პროფესია აერჩია, შესაბამისად ბოლონიის უნივერსიტეტში დაიწყო ჰუმანიტარული მეცნიერების, ლოგიკის, ფილოსოფიის, იურისპრუდენციის, მათემატიკისა და მედიცინის შესწავლა. სწავლა განაგრძო პადუაში. 1549 წლის ივნისში ულისე ალდროვანდის ბრალი დასდეს ერესში. სასჯელის თავის არიდების მიზნით იმავე წლის სექტემბერში მეცნიერმა საჯაროდ მოინანია დანაშაული, თუმცა იგი მაინც დააპატიმრეს და დაიბარეს პაპთან ქალაქ რომში. 1950 წლის აპრილამდე იმყოფებოდა შინაპატიმრობაში. ალდროვანდი რომში ყოფნის დროს დაუახლოვდა ადგილობრივ მეცნიერებს. ხელი მოჰკიდა ბოტანიკის, ზოოლოგიისა და გეოლოგიის შესწავლას.
1551 წლიდან ხელმძღვანელობდა მის მიერვე მოწყობილ რამდენიმე ექსპედიციას იტალიის პროვინციებში. აღწერა მრავალი ცხოველი, უმეტესად ეგზოტიკური სახეობები. 1553 წელს მედიცინისა და ფილოსოფიის სფეროში მიენიჭა მეცნიერის ხარისხი, ხოლო 1554 წლიდან ბოლონიის უნივერსიტეტში ასწავლიდა ლოგიკასა და ფილოსოფიას. 1559 წელს გახდა ფილოსოფიის პროფესორი, ხოლო 1561 წლიდან ბოლონიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერების პირველი პროფესორი. 1568 წელს ალდროვანდის ძალისხმევით ჩამოყალიბდა ბოტანიკური ბაღი, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. ბაღის კოლექციაში ამჟამად 5000 მცენარეების სახეობაა შემონახული. ასობით წიგნისა და სტატიის ავტორია, რომელთაგან გარკვეული ნაწილი მის სიცოცხლეშივე გამოქვეყნდა. მისი შრომებიდან აღსანიშნავია: „ორნითოლოგია“ (ტ. 1–3, 1599-1603), „მწერების შესახებ“ (1602).
ულისე ალდროვანდის სახელობიისაა მცენარის სახეობა, მთვარეზე არის მისი სახელობის ქედი.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ულისე ალდროვანდი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.